ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მცხეთობის დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა
თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, რა დროსაც 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.
ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი – დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთაში დაანონსებულ მცხეთობა-სვეტიცხოვლობის სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებებს აუქმებს და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას,” – აცხადებს დიმიტრი ზურაბიშვილი.
განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს საპატრიარქოც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანის საშვები აღარ არის საჭირო.
“ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო”, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.