ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ტრაგედია, რომლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასაც ცდილობს ოპოზიცია
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ტრაგედია, რომლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასაც ცდილობს ოპოზიცია. ნებისმიერ ქვეყანასა და საზოგადოებაში ასეთი ტიპს ტრაგედია ალბათ, გააერთიანებდა საზოგადოებას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, საზოგადოებას და პირველ რიგში ოჯახს აღარ დარჩეს გამოძიების შემდეგ კითხვები.
„დღესვე დაიგეგმა რაღაც აქციები, დაანონსდა მერიასთან, მერე პარლამენტთან. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი პოზიციაა, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველა ტრაგედია იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ვიღაცამ რაღაც პოლიტიკური დივიდენდები დაიწეროს და ყველა ტრაგედიის მერე იყოს გადადგომაზე, ხელისუფლების დამხობაზე საუბარი. რა თქმა უნდა, პარალელის გავლებას არ ვაპირებ, არც ერთ სხვა მძიმე ტრაგედიასთან, რაც სხვა ქვეყნებში ყოფილა და ყველა ეძებს მიზეზებს, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. ბუნებრივია, ერთი კონკრეტული ადამიანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არავინ აყენებს და მით უმეტეს მასზე მთელი მორალური ტვირთის აკიდებას. აქედან გამომდინარე ჩვენ არაერთი ასეთი სამწუხარო ფაქტი გვინახავს, როდესაც ოპოზიცია შეეცადა პარტიული, ვიწრო მერკანტილური ინტერესებისთვის გამოყენებას. მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ მთავარია საზოგადოებას და პირველ რიგში ოჯახს აღარ დარჩეს გამოძიების შემდეგ კითხვები“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.