ირაკლი ბერაია: ფინანსური რესურსი თუ მოგვცემს საშუალებას, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მზაობა, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდოს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.
მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა ის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები, რომლებსაც ბიუჯეტის მომზადება დაეფუძნა და პრიორიტეტების მიხედვით, მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობასა და მათ განაწილებაზე ისაუბრა. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გამოყოფილ თანხებზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ 2023 წლისთვის თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2022 წელთან შედარებით 490 მლნ. ლარით იზრდება.
მისივე თქმით, გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების თანამშრომლების ხელფასების 20%-ით გაზრდას მოხმარდება. უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები ასევე მიიმართება სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, შეიარაღების განახლებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ. რაც შეეხება უშუალოდ ძალოვანი უწყებების ბიუჯეტს – 2023 წლისთვის თავდაცვის სამინისტროსთვის 1, 260 მლნ. ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 1 070 მლნ. ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის – 180 მლნ. ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის – 76 მლნ. ლარი, დაზვერვის სამსახურისთვის – 18 მლნ. ლარი და სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის – 12 მლნ. ლარი შეადგენს.
საბიუჯეტო პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა კითხვები და მოსაზრებები გამოთქვეს. დეპუტატებმა როგორც თავდაცვის და შეიარაღების ძალების, ასევე ვეტერანებისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და რეგიონში მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის დაფინანსების გაზრდის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტი სამინისტროსთან აქტიური კონსულტაციების შედეგად მომზადდა და წარმოდგენილ პროექტში აისახა ის შესაძლებლობები, რა ფინანსური რესურსი ამ ეტაპზე გააჩნია ქვეყანას.
მისივე თქმით, ბიუჯეტის საბოლოო პროექტის წარდგენამდე, დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი სამუშაო შეხვედრები გაიმართება.
„თავდაცვის მიზნებისთვის, ისევე როგორც ეროვნული მიზნებისთვის, ჩვენ მეტი ფინანსური რესურსები, მეტი ბიუჯეტი გვჭირდება. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემო, მომეტებული საფრთხეები და გამოწვევები გაცილებით მეტს მოითხოვს. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საფრთხეებთან და გამოწვევებთან ჩვენ შეზღუდული რესურსების პირობებში ვმოქმედებთ. ფინანსური რესურსების ოპტიმალური და დაბალანსებული განაწილების შესაძლებლობები უნდა ვიპოვოთ ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ასევე დაკმაყოფილებული იყოს სხვა საჭიროებებიც, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ფინანსური რესურსი თუ მოგვცემს საშუალებას, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მზაობა, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდოს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის წევრებმა საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა წარმოდგენილმა ფინანსურმა დოკუმენტმა, კომიტეტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა, ვერ მოიპოვა.