ანრი ოხანაშვილი გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს და გლობალური პროგრამის – „მიგრაცია და დიასპორა” წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ანრი ოხანაშვილი გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გლობალური პროგრამის – „მიგრაცია და დიასპორა” (GIZ/CIM) წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა იმ ახალგაზრდა ადამიანების მოტივაციის ამაღლება და მხარდაჭერა, რომლებიც გერმანიაში დაასრულებენ სწავლას და მოღვაწეობას საქართველოში გააგრძელებენ.

„გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც გერმანიაში წარმატებით დაასრულებენ სასწავლო პროგრამას და დაბრუნდებიან საქართველოში. მხარდაჭერა გამოიხატება როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე, ლიტერატურის გამოწერისა თუ კომპიუტერული ტექნიკის უზრუნველყოფით. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოტივაციაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სწავლობენ გერმანიაში, რათა დაბრუნდნენ ქვეყანაში და მათ მიერ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას მოახმარონ. სტუმრებს ჩვენც გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება, ვინაიდან თავის დროზე, მე და ჩემი კოლეგებიც ასევე ვიყავით მხარდაჭერილი მათი მხრიდან”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობდნენ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ეკატერინე ქარდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები