რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას ზაპოროჟიეს S-300 ტიპის 12 რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ტელეგრამში ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა.
მისივე თქმით, ორი რაკეტა ავტოსალონს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. შენობაში ხანძარი გაჩნდა, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა მისი ჩაქრობა შეძლეს. დანარჩენმა რაკეტებმა სკოლა და დისპანსერი დააზიანეს.
ზაპოროჟიეს მერმა, ანატოლი კურტევმა Telegram-ში დაწერა, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია ასევე კერძო სახლები და სკოლა.
მისი ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, თუმცა, მათი ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა.
10 ოქტომბრის ღამეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, ჭურვი ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
9 ოქტომბრის ღამეს “რაშისტებმა” ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ უბნებს 13 რაკეტა ესროლეს, რის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 89, მათ შორის – 11 ბავშვი.