სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ სწავლებას გაივლიან. სამმხრივი საველე ტაქტიკური სწავლების „კავკასიის არწივი 2022“ გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა.

ღონისძიებას თურქეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბურაკ ალთინერი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. სწავლება „კავკასიის არწივი 2022“-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები