ლევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 ოქტომბერს ჩვენ საქართველოში რკინიგზელის პროფესიულ დღეს აღვნიშნავთ და ამით ხაზს ვუსვამთ ამ საპატიო პროფესიის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ვიზეიმო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი კომპანიის „საქართველოს რკინიგზის” დაბადების დღე – 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი სატვირთო – სამგზავრო მატარებელი დაიძრა,” – აღნიშნულია ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებაში, რომლითაც მან საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

განცხადების თანახმად, „150 წლის წინ თბილისისა და ფოთის, ქვეყნის შავიზღვისპირა ნავსადგურის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობით და ექსპლუატაციაში გაშვებით უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფორმირების გზაზე. დღეს საქართველოს რკინიგზა ჩვენს ქვეყანაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა მიზანსაც საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა წარმოადგენს. რეგიონში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, მათ შორის, რკინიგზაც გამოწვევების წინაშე დადგა.
დერეფანში საგრძნობლად მოიმატა ტრანზიტმა და ეს დინამიკა მზარდია. დარწმუნებული ვართ, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობასთან კოორდინირებით, შეძლებს ეს გამოწვევები არა მხოლოდ დაძლიოს, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდოს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის როლი რეგიონული გადაზიდვების კონტექსტში. ბოლო წლებში საქართველოს რკინიგზას აქვს რეკორდული მაჩვენებლები – 2018 წელს კომპანიამ სატვირთო გადაზიდვებში დაღმასვლის ტრენდი შეაჩერა, ხოლო 2021 წლის ბოლოს გავიდა მოგებაზე.
უკვე მიმდინარე წელს რკინიგზას აქვს რეკორდული მაჩვენებლები სატვირთო გადაზიდვების და საოპერაციო შემოსავლების მიმართულებით. ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში დაბრუნდა არა მხოლოდ დაკარგული ტვირთები, არამედ მოხდა ახლის მოზიდვა. საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი. პროექტის დასრულების შემდეგ გაიზრდება გამტარუნარიანობა, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო, ასევე საოპერაციო ხარჯები და გაუმჯობესდება მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების დონე. საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა. კომპანიაში 12,000 – ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიისა და მის შედეგად გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელობამ შეძლო თითოეული მათგანის შენარჩუნება. 2021 წელს საქართველოს რკინიგზამ მოახდინა რეფინანსირება, რომლის შედეგად ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 7,75%-ის ნაცვლად 4%-ით განისაზღვრა. ეს კი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეცენდენტია, როდესაც სატრანსპორტო ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის ფასიანი ქაღალდი, მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. წარმატებული ტრანზაქციის შედეგად, კომპანია 100 მლნ დოლარზე მეტს დაზოგავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს კომპანიის იუბილეს და პროფესიულ დღეს და წარმატებულ მომავალს გისურვებთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები