ბექა ოდიშარია – ნინო ლომჯარიას: ბოლო დროს დაკავებული ხართ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვით

„თქვენც იცით, როგორი ურთიერთობების ფორმა გვქონდა ჩვენ მანამდე, ვიდრე თქვენ ასრულებდით კეთილსინდისიერად იმ საპატიო მოვალეობას, რასაც სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი არეგულირებს. ომბუდსმენი არ უნდა იყოს პროსახელისუფლებო, მაგრამ მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ომბუდსმენი უნდა იყოს ობიექტური და უნდა იყოს ყველას ომბუდსმენი“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში გააცნო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველის რამდენიმე აქცენტს უპასუხა.

„ზუსტად მახსოვს, რამდენიმე თვეში მოხდა თქვენი პოლიტიკური ტრანსფორმაცია. სამწუხაროა, რომ თქვენი პოლიტიკური განცხადებების 99% აბსოლუტურ უნისონშია რადიკალურ ოპოზიციის დღის წესრიგთან.  დამიჯერეთ, არა მარტო მმართველ ძალას აკვირვებს თქვენი ასეთი ტიპის დევიაცია, არამედ საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა ამის მოლოდინი. მაშინ ძალიან გვაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭირეთ. მე ახლაც არ ვნანობ, რადგან სწორედ ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე პინის ერთ მხარეს ხელოვნური გადაქაჩვა, არა მგონია, რომ თქვენ სიკეთეს გმატებდეთ“, – მიმართა სახალხო დამცველს ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, სამწუხაროა, თუ  სახალხო დამცველი ვერ ხედავს, რას აკეთებს პარლამენტი, ევროკავშირის  ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ვერ ამჩნევს, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფები აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ.

„ბოლო დროს დაკავებული ხართ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები