სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარეს – პრაღის შეხვედრა დასრულებულია

პრაღაში აზერბაიჯანის და საფრანგეთის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერმინისტრის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელის შეხვედრის შედეგად, მხარეებმა განცხადება გაავრცელეს.

მიღწეული შეთანხმების შედეგად, პირველ ყოვლისა, “სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაერო-ს წესდებისა და 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ორივე მხარე ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს”. მათ დაადასტურეს, რომ ეს საფუძვლად დაედება სადელიმიტაციო კომისიების მუშაობას და რომ ამ კომისიების შემდეგი შეხვედრა ოქტომბრის ბოლომდე ბრიუსელში გაიმართება.

მეორეც, სომხეთი დათანხმდა – დაუშვას ევროკავშირის სამოქალაქო მისია, რომელშიც საფრანგეთი და ევროკავშირი შევლენ, აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ.

აზერბაიჯანი დათანხმდა, ითანამშრომლოს აღნიშნულ მისიასთან იმდენად, რამდენადაც ეს მას შეეხება. მისია მუშაობას ოქტომბერში, მაქსიმუმ ორი თვის ვადით დაიწყებს. მისიის მიზანი იქნება ნდობის ჩამოყალიბება და სასაზღვრო კომისიებისთვის დახმარების გაწევა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა წინა შეთანხმება მოქმედებდა 2020 წლის 9 ნოემბრის რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ მიღებული სამმხრივი განცხადების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები