სამტრედიაში ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოვეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს დღეს პროფესიული დღე გაკვეთილის მიმდინარეობისას მიულოცეს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, 52-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგს, ნარგიზი თევზაძეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ ხარძიანმა, მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სამახსოვრო სამკერდე ნიშანი თავად შეაბნია.
,,თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მომავლის მაჯისცემაზე უდევს ხელი. თქვენი ღვაწლი შეუფასებელია თითოეული ჩვენგანისთვის”, – თქვა თინათინ ხარძიანმა.

პედაგოგს დღევანდელი დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის მოადგილე გიორგი მეიშვილმა, რესურსცენტრის წარმომადგენელმა – ალექსანდრე თევზაძემ და საკრებულოს დეპუტატმა გომის ადმინისტრაციული ერთეულიდან, ჯონი თევზაძემ.

პედაგოგის გამოცდილებასა და ღვაწლს ხაზი გაუსვა სკოლის დირექტორმა, მაყვალა თევზაძემ, თუმცა დღევანდელი გაკვეთილი არ დაავიწყდებათ მოსწავლეებს და თავად პედაგოგს.

,,უღრმესი მადლობა ამ ყურადღებისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატეთ. 52-წლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მასწავლებელმა მუდმივად სიახლეებს უნდა აუწყოს ფეხი. სხვაგვარად განვითარება წარმოუდგენელია”, – აღნიშნა ნარგიზი თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები