დმანისის მუზეუმის მმართველი გარდაცვლილი იპოვეს – საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოჯახს უსამძიმრებს

დმანისისი მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი, გოჩა კილაძე მუზეუმის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს ეროვნული მუზეუმიც.

“საქართველოს ეროვნული მუზეუმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი, გოჩა კილაძე.

გოჩა კილაძე წლების მანძილზე დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და საერთაშორისო ექსპედიციების მონაწილე გახლდათ. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში 2000 წელს დაიწყო მუშაობა. 2006 წლიდან დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციული მენეჯერი, ხოლო 2016 წლიდან დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი იყო.

გოჩა კილაძე 1990-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩაბმული დმანისის საერთაშორისო არქეოლოგიურ კვლევებში, სადაც მისი უშუალო მონაწილეობით არაერთი უმნიშვნელოვანესი პალეონტოლოგიური და ანთროპოლოგიური აღმოჩენა განხორციელდა.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა დაკარგა სამსახურებრივი და მეცნიერული კეთილსინდისიერებისა და პასუხისმგებლობის უმაღლესი სტანდარტის მატარებელი, შესანიშნავი მეგობარი და კოლეგა”, – ნათქვამია წერილში.

გოჩა კილაძე დმანისის მუზეუმის ეზოში გარდაცვლილი გუშინ, 3 ოქტომბერს თანამშრომლებმა იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყავანის მუხლით.

ამ წუთებში, დმანისის პოლიციაში კილაძის თანამშრომლები იკითხებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები