თამარ ტალიაშვილი: პარლამენტი ქმნის აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ კონცენტრირებულად იმუშაო მოსახლეობისა და ქვეყნისათვის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაზე
„სტრასბურგში ევროპის საბჭოს სასახლის წინ 2019 წელს გაიხსნა ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი, რომელზეც არის წარწერა: „მე ქართველი ვარ, მაშასადამე, ვარ ევროპელი”. 2021 წელს თებერვალში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო უდიდესი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სასარგებლოდ 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოებში სხვადასხვა პოზიციებზე 2017 წლიდან ვმუშაობ, რამაც დამანახა ის ძალიან დიდი როლი, რომელიც გააჩნია ევროპის საბჭოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, საქართველოს მეტი ინტეგრაციისათვის ევროპულ სივრცეში და საქართველოს უკეთესი პერსპექტივისათვის”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.
თამარ ტალიაშვილის თქმით, მან თანხმობა განაცხადა პრემიერ-მინისტრის საპასუხისმგებლო შეთავაზებაზე ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად არსებული ძალიან რადიკალურად პოლიტიზებული გარემოსი, პარლამენტი ქმნის აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას , რომ პოლიტაჟიოტაჟისგან განრიდებულად, კონცენტრირებულად იმუშაოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაზე”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის ყველა სტრუქტურულ ერთეულს, თითოეულ წევრს, რომელთან ერთადაც იმუშავა 2 წლის მანძილზე.
„ჩემთვის, როგორც ელჩისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია წარმოვადგინო სრულიად საქართველო მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ამიტომ პოლიტიკური სპექტრის საქმიანი და ჰარმონიული ურთიერთქმედების დიდ იმედს ვიტოვებ. მე გისურვებთ წარმატებით გააგრძელოთ აქტიური და ჩართულობითი მუშაობა ევროკავშირის 12 პუნქტიან გეგმაზე”,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.