ქართულ-ამერიკული აკადემია “პროგრესი” ბათუმში 3 ოქტომბერს ახალ კამპუსს გახსნის
3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქართულ-ამერიკული აკადემია “პროგრესი” ბათუმში ახალ კამპუსს გახსნის. სკოლის გახსნის ცერემონიაში მთავრობის და საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 800 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. საკლასო ოთახები, ელექტრონული დაფები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო და საკონფერენციო დარბაზები, მოსასვენებელი, შეხვედრებისა და კვების სივრცეები, ფიზიკური აღზრდისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისთვის განკუთვნილი სპორტდარბაზი – სკოლა მომავალი თაობების სრულყოფილი აღზრდისთვის საჭირო ყველა პირობასა და სტანდარტს აკმაყოფილებს. ახალი შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის – მოეწყო პანდუსები, დამონტაჟდა ლიფტი. სამშენებლო სამუშაოები 33-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია “ანაგმა“ განახორციელა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 15 მილიონი ლარი შეადგინა. “პროგრესი” უკვე 20 წელია, ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში. აკადემია “პროგრესი” სამ მსხვილ კამპუსს აერთიანებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და მოსწავლეებს ამერიკული სტანდარტისა და ხარისხის შესაბამის განათლებას სთავაზობს. ქართულ-ამერიკულ აკადემია “პროგრესს” აკრედიტაცია მინიჭებული აქვს ამერიკული საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოს, Cognia -ს (Advanced) მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს ორმაგი – როგორც სახელმწიფო, ასევე, ამერიკული (საერთაშორისოდ აღიარებული) ატესტატი ექნება. ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განმავლობაში, საშუალება აქვთ, მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის, სკოლაშივე ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომლებსაც საერთაშორისო უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ.