ორწლიანი პაუზის შემდეგ „ბოლნისქალაქობა 2022“ აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2022“ მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა. „ბოლნისქალაქობა 2022“-ის სტუმრებს, ძველ გერმანულ უბანში, საბავშვო სივრცე, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების კუთხეები, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა, ბოლნისის მუნიციპალური თეატრის, ბოლნისის კულტურის ცენტრისა და ბოლნისის მოქმედი სკოლების შემოქმედებითი კოლექტივების აქტივობები დახვდათ. სახალხო დღესასწაულზე, საწნახელში, ტრადიციულად, დაიწურა ყურძენი.

„ბოლნისქალაქობა 2022“-ის პროგრამა გალა-კონცერტით გაგრძელდა. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ნატო მეტონიძემ, ანსამბლმა „შვიდკაცა“ და ლევან დეისაძემ. გალა-კონცერტზე სპეციალური მოწვევით იმღერა ნიკოლოზ ქაჯაიამ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. სახალხო დღესასწაული კი გრანდიოზული ფოიერვერკით, ცეცხლოვანი შოუთი და დიჯეის სეტით დასრულდა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მიმართეს.

„დღეს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ყველანი ერთად, ჩვენი ქალაქის დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2022“ აღვნიშნავთ. „ბოლნისქალაქობა“ ესაა სახალხო დღესასწაული, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ჩვენი მუნიციპალიტეტის მრავალფეროვან კულტურას, ტრადიციებს. „ბოლნისქალაქობა“ ჩვენი მოქალაქეებისთვის იმართება და მიხარია, რომ დღეს აქ სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს ვხედავ, რომლებიც დროს სასიამოვნოდ ატარებენ. თითოეულ ბოლნისელს ვულოცავ ჩვენი პატარა, თუმცა, დიდი ისტორიისა და წარსული მქონე ქალაქის დღესასწაულს. ბოლნისქალაქობის თითოეულ მონაწილეს, რომელმაც დღევანდელი დღე ასეთი შთამბეჭდავი გახადა, გულითადი მადლობა გადავუხადო. ვისურვებდი, რომ ეს სადღესასწაულო განწყობა დიდხანს გაგვყოლოდეს“, – განაცხადა  დავით შერაზადიშვილმა.

სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2022“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და კანადის, პოლონეთისა და სლოვაკეთის დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები