გივი მიქანაძემ, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე, ბულგარეთში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის წევრი, გივი მიქანაძე – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ბულგარეთში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფება.
30 სექტემბერს, ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გივი მიქანაძემ სოფიაში აკრედიტებულ ელჩებსა და საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მოსმენა წარმოადგენდა. გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით გაწეულ სამუშაოებზე, უკვე დაინიცირებულ კანონპროექტებსა და მათი განხორციელების ვადებზე დეტალურად ისაუბრა. შეხვედრა, რომელიც ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ლილუაშვილის და ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა წარმომადგენლის და სოფიას ოფისის ხელმძღვანელის, ვესელა ჩერნევას ფასილიტაციით ჩატარდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას იმ გამოწვევების თაობაზე, რის წინაშეც ქვეყანა რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე დგას, ქართული მხარის მიდგომები გააცნო. მან ასევე საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული პოლიტიკური და ჰუმანიტარული აქტივობების თაობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულ, უკრაინის ელჩმა ქართულ მხარეს უკრაინისთვის გაწეული თანადგომისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. სოფიის ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას იტალიის, ირლანდიის, ალბანეთის, სლოვენიისა და უკრაინის ელჩები, მოლდოვის დესპანი, სომხეთისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და კონრად ადენაუერის ბულგარეთის ოფისის ხელმძღვანელი დაესწრნენ.