„როგორც კი ფუნჯს  მოვიმარჯვებ, ისევ იმ  იასამნის საოცარი სურნელით გაჟღენთილ სამყაროში ვბრუნდები“ – ხელოვანი დირბიდან, ბავშვობის ფერადი ოცნებებით

დაიბად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. ხატავდა, ოცნებობდა… 2008 წელს დაამთავრ დირბის საჯარო სკოლა, მაგრამ აგვისტოში  ოჯახს მოუწია სოფლის დატოვება, რადგან  სოფელი  ე.წ. ცხელ წერტილში მდებარეობს. იძულებული გახდა, ბავშვობის ის ადგილები დაეტოვებინა, სადაც ფერადი და საინტერესო სამყარო ჰქონდა.  მოგვიანებით ისევ მიუბრუნდა ხატვას. – თეონა ქებაძის პერსონა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დაიბადეთ… თუ გიყვარდათ ხატვა, ზოგადად, ხელოვნება ბავშვობიდან?
–  ხატვისა და შემოქმედების ნიჭი მამისგან გამომყვა, ისიც  თვითნასწავლი, თუმცა გამოცდილი, ხშირად მესაუბრებოდა ხატვის სხვადასხვა ტექნიკაზე. მამას ძალიან ვგავარ, დიდ დროს ვატარებდით ერთად.
გარკვეულ პერიოდს მამასთან სამსახურშიც ვატარებდი, დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც მამა თანასოფლელებთან ერთად ტაძრის გალავანს და დედათა მონასტერს აშენებდა.
უძველესი ტაძარი განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობისაა. ტაძრის სამრეკლოს რესტავრაციისას ნალესის ფენის ქვეშ აღმოაჩინეს უძველესი და უნიკალური ფრესკა „მიდგომილი“. ფეხმძიმე ღვთისმშობელს, რომელიც პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს მიეკუთვნება, საათობით შევცქეროდი ამ საოცარ ფრესკას, მანამდე ასეთი არაფერი მენახა. ამ სანახაობამ ჩემში ხელოვნების უდიდეს სიყვარულს მკვრივი საფუძველი ჩაუყარა.
მამასაც სულ თან სდევდა შემოქმედებითი ნიჭი. თუ დააკვირდებით ტაძრის გალავანს, დიდსა და პატარა ჭიშკრებს შორის ჩაშენებული ორად გატეხილი დიდი ქვის ნატეხები ადამიანის ფეხსაცმლის ძირებს მოგაგონებთ. ალბათ მამასთვის ამასაც თავისებური დატვირთვა ჰქონდა. თითქოს იმ პატარა ბიჭის ფეხსაცმელია, რომლის ნეშტიც  ტაძრის მახლობლად, ძველ ნასოფლარში იპოვეს.
ერთი სიტყვით,  ჩემი ბავშვობა ერთი რიგითი სოფლელი ბავშვის ბავშვობას არ ჰგავდა. 90-იანი წლების შავ-თეთრ სამყაროში  ჩემი, საკუთარი სამყარო მქონდა.
ჩემი ფერადი და საინტერესო სამყარო იწყებოდა ეზოში მდგარ ძველ, დანგრეულ ოთახში, იქ, სადაც მარტო დარჩენა შემეძლო…  გადაყრილ, გამოუსადეგარ ნივთებთან, ნახევრად გამხმარ ნუშებთან, ყველაფერთან, რასაც ფერადი ფერი ჰქონდა.
შემეძლო, იქ.დღეები გამეტარებინა.. იმ ოთახში ვასხამდი ფრთებს ჩემს უხვ ფანტაზიას. ათას რამეს ვქმნიდი:  ვხატავდი, ვაფერადებდი. იქ ჩემი საკუთარი სამოთხე მქონდა.
–  2008 წელს დაამთავრე სოფელ დირბის საჯარო სკოლა, მაგრამ აგვისტოს ომის გამო მოგიწიათ სოფლის დატოვება…
 –  2008 წელს დაინგრა ჩემი ფერადი სამყარო. ჩემი საყვარელი გარემოდან იძულებით შორს აღმოვჩნდი, დედ-მამასთან და უფროს დასთან ერთად ქალაქ რუსთავში მომიწია გადასვლა, სადაც ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად გაგრძელდა. 41 წლის დედა ინსულტის შემდეგ ლოგინად ჩავარდა.
მაშინ ვიგრძენი, რომ ბავშვობა დასრულდა, უცბად გავიზარდე, სულ სხვა საზრუნავი მქონდა. უფლის მადლით, დღეს  დედა ცოცხალი და ჯანმრთელი მყავს…
როდის დაიწყეთ ხატვა?
–  10- წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დავიწყე ხატვა.  იმ სურვილს, იმ წყურვილს ვერაფერს ვერ შევადარებ, ისე უზომოდ მომინდა დამეხატა. დავხატე სადღაც მიგდებულ, ძველ ფანერაზე  ფრჩხილის ლაქით, ფანქრით და ნახშირით.
2018 წელს შევიძინე ზეთის საღებავები, გამოყენებაც არ ვიცოდი, ხატვის მასწავლებელი არასოდეს მყოლია. ავიღე ფუნჯი და ტილოზე შესრულება პირველად ვცადე.
ვხატავ ძირითადად ღამით, ბევრჯერ თავზე დამთენებია.
ხართ თვითნასწავლი… შთაგონებას რა გაძლევთ?–  მეუღლე და შვილები არიან – ჩემი შთაგონება, ძალა და მუზა, მათი სიტყვები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს: „ულამაზესი გამოგივიდა!  დედა, ძალიან კარგი მხატვარი ხარ“!
ერთ-ერთი ნამუშევარი „იასამნები და ჭიქა მარტინი“ იმ დანგრეული ოთახის წინ მდგარი იასამნის ხის  სურნელსა და ღვთაებრივ სიფერადეზე დავხატე, მან შთამაგონა. ხატვის პროცესში თითქოს იქ ვბრუნდებოდი.  როგორც კი ფუნჯს  მოვიმარჯვებ, იქაურ სურნელს ვგრძნობ… ისევ იმ  იასამნის საოცარი სურნელით გაჟღენთილ სამყაროში ვბრუნდები.
მინდა შევაგროვო ბევრი ნახატი, სადაც ჩემი ტექნიკა, ჩემი სულის გამოძახილი იქნება წარმოჩენილი და ამის შემდეგ დავგეგმო გამოფენა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები