გიორგი ცუცქირიძე: ის, რაც ლარსის გამშვებ პუნქტსა და რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე ხდება, რუსული ბოლო იმპერიის უცილობელი რღვევის და დასასრულის ტენდენციაზე ღიად მიანიშნებს

ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ის, რაც ლარსის გამშვებ პუნქტსა და რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე ხდება, რუსული ბოლო იმპერიის რღვევის და დასასრულის ტენდენციაზე ღიად მიანიშნებს. ამის შესახებ ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დიდი თამაშები” და საქართველო (ნაწილი მეცხრე)

ლარსის გამშვებ პუნქტზე და რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე რაც ხდება, უკვე ღიად მიანიშნებს რუსული ბოლო იმპერიის უცილობელი რღვევის და დასასრულის ტენდენციაზე. პერიფერიების ხარჯზე ომები ვერც რომმა და ვერც ერთმა დიდმა იმპერიამ ვერ მოიგო და საბოლოოდ მათი დაშლის მიზეზი გახდა.

რუსეთში ინგრევა არა მხოლოდ პუტინის ძლევამოსილების მითი, არამედ ის ქიმერა, რაც სტაბილურობაზე და კეთილდღეობაზე იდგა, რუსები გამორბიან არა საქართველოს სიყვარულის ან ფსბ- ს დაკვეთით ჩვენი ახალი ოკუპაციისათვის, არამედ უპერსპექტივობის გამო, რასაც მათ რუსული სახელმწიფოს უცილობელი ჩამოშლა უქადით.

რუსები ამას ყველაზე უკეთ გრძნობენ, აქაურ თუ უცხოელ ექსპერტებზე თუ პოლიტიკოსებზე უკეთადაც კი.

ამიტომაც არის მთლიანად აცდენილი, ფაქტობრივად, გაკოტრებული და კრეატივგამოცლილი ქართული ოპოზიციის დღის წესრიგი არსებულ რეალობას, როდესაც საფრთხეების წარმოჩენას იქ ცდილობენ, სადაც ის ყველაზე ნაკლებია და არა რუსეთის რღვევის მოსალოდნელი შედეგების ზეგავლენის ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ ფაქტორებზე.

რუსეთში პუტინის ერაში იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი უმუშევრობა მთელ ევროპა ში, ხოლო ცხოვრების დონე ბევრად აღემატებოდა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მაჩვენებელს ბალტიის ქვეყნების გარდა. იმპერიაც მათ სწორედ ამისათვის უნდოდათ და არა პუტინის სიყვარულის გამო და ბევრ რამესაც ამის გამო პატიობდენ. რუსეთს არც თავადაზნაურობა ჰყავს იმპერიის მსახურად და გადასარჩენად და ვერც რუსული ოლიგარქია გამოდგება ამისათვის.

ცალკე საკითხია თუ რა განაპირობებდა პუტინის რეჟიმის ეკონომიკურ და ფინანსურ სიძლიერეს. რომ არა ევროპულ სახელმწიფოთა ფლირტი, პუტინი ვერც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გაბედავდა, ვერც ყირიმის ოკუპაციას და ვერც უკრაინის სამხედრო ავანტიურას ნატო- ს ბლოკისათვის ულტიმატუმების წაყენებით. რუსეთში, მიუხედავად დაწესებული სანქციებისა, მათ შორის ყირიმის ოკუპაციაზე, ბოლო დრომდე ოპერირებდა არა ერთი ევროპული, ამერიკული თუ ტრანსნაციონალური ბანკი და კონცერნი, რომლებიც საკმაოდ მაღალ ხელფასზე ასი ათასობით რუს ასაქმებდა და ბიუჯეტშიც სოლიდურ თანხებს იხდიდა.

და ბოლოს კოკო გამსახურდიას დავესესხები : ქეთევან დედოფლის არჩევანმა
უჩვენა ევროპას, თავისუფლების, როგორც ანტიკური, ისე ძველ და ახალ აღთქმისეულ იდეალებზე აღმოცენებულ კონტინენტს სიმცდარე და დამღუპველობა ევრაზიულ სივრცეში აღზევებულ მონსტრ ტირანებთან სტრატეგიული პარტნიორობისა, თუნდაც ეს ეკონომიკურად მიმზიდველი ჩანდეს.

ევროპა ამ არჩევანის სიმცდარეს ახლა იმკის, სამწუხაროდ, ამჯერად უკვე უკრაინელი ხალხის მიერ გაღებული სისხლის და მსხვერპლის ხარჯზე და კარგია, რომ დასავლეთი ამჯერად მაინც ცდილობს ამ მანკიერი წრიდან თავის დაღწევას.

საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად ქართული პოლიტიკური კლასის მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის – არ მოვყვეთ რუსული იმპერიის ნანგრევებში და ვემზადოთ ახალი რეალობისათვის. სწორედ ამ ორი ფაქტორის არასწორმა შეფასებამ მიგვიყვანა გასულ საუკუნეში სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე. ისე, შეფასებისათვის, რუსი ლტოლვილებით თბილისი მაშინაც გაივსო მეფის რუსეთის იმპერიის რღვევისას, თუმცა საქართველოს გასაბჭოება სულ სხვა ფაქტორებმა განაპირობა” – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები