გორში ტურიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გორში ტურიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის ვიცე მერი ნიკა ღვინიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი, მოსწავლეთა ტურისტული კლუბების წევრები და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
ღონისძიების დაწყებამდე, მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
„27 სექტემბერი ტურიზმის საერთაშორისო დღეა. სანამ ამ დღის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდე, არ შემიძლია არ გავიხსენო 1993 წლის 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე. ჩვენმა გმირებმა აფხაზეთში თავი შესწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას. აფხაზეთი საქართველოა, და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ მას. აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას. ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი ეკონომიკა სჭირდება. ძლიერი ეკონომიკა წარმოუდგენელია ტურიზმის განვითარების გარეშე, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ამ მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს. ტურიზმის განვითარება გორის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. გორს ასევე დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული. ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებს განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღესასწაულს. გისურვებთ ბევრი იდეის, გეგმისა და პროექტის განხორციელებას, რაც ტურისტული სექტორის წინსვლას შეუწყობს ხელს.” – აღნიშნა ნიკა ღვინიაშვილმა.
ღონისძიებაზე პროექტ „მოსწავლეთა ტურისტული კლუბების” პრეზენტაცია გაიმართა. გორის მე-5 საჯარო სკოლის ტურისტულ კლუბ „ჰორიზონტს” შექმნიდან 5 წლის იუბილეს აღსანიშნავად სერტიფიკატი გადაეცა.
აქტივობა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები