სადახლოზე გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა მარკირების შეუსაბამობა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (1008 კილოგრამი გაყინული თევზი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.