ბექა ოდიშარიამ აშშ-ში ქართულ-ამერიკული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ბრუკლინის ბოროუს პრეზიდენტის ანტონიო რეინოსოს პირადი მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაცია „დიანა ბაგრატიონის ფონდის“ ინიციატივითა და ბრუკლინის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას ბრუკლინ ბოროუს პრეზიდენტმა ანტონიო რეინოსომ უმასპინძლა. მან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სრულიად ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას არ აქვს ალტერნატივა. ანტონიო რეინოსომ, ასევე, ისაუბრა ქართული კულტურის გაცნობის და ქართველთა მხრიდან თბილი დამოკიდებულების შედეგად შექმნილ შთაბეჭდილებებზე და აღნიშნა, რომ ეს დღე დასამახსოვრებელი თარიღია ქვეყნის ისტორიისთვის.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მეგობარმა და კოლეგამ, ანტონიო რეინოსომ, – ბრუკლინის დღევანდელმა პრეზიდენტმა სიამოვნებით განაგრძო ქართულ – ამერიკული ურთიერთობების გამყარება და განმტკიცება. დღეს ვხედავთ, რომ ამ ისტორიულ შენობაზე, ამერიკაში თბილისის და საქართველოს დღეების ნიშნად ქართული დროშა ფრიალებს. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, იმ თავისებურებებსა და დამახასიათებელ მსგავსებებზე, რაც ბრუკლინსა და თბილისის ძველ ისტორიულ ნაწილს ახასიათებს. ამის შესახებ ჩვენი დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება და ბუნებრივია, შემდეგ უკვე ნიუ-იორკის და თბილისის ხელმძღვანელობასთან ერთად, გადაწყდება თუ რა ფორმალური სახე მიეცემა ამ ორი ისტორიული რაიონის, უბნის – ბოროუსა და ჩვენი ისტორიული თბილისის დაახლოებას და დამეგობრებას“,- განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიების ფარგლებში შესრულდა საქართველოს ჰიმნი, რომლის შემდეგაც საქართველოს ის მოქალაქეები დააჯილდოვეს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრობის განმტკიცებაში. ბრუკლინის ისტორიულ შენობაში, ნიუ-იორკში მოღვაწე ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა ქართული ცეკვა შეასრულე. ასევე შესრულდა ქართული კლასიკური ნაწარმოებები. “აღსანიშნავია, რომ საქართველო-ამერიკის მეგობრობისადმი მიძღვნილი დღეები უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და ის ნიუ-იორკში ყოველ წელს ჩატარდება”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.