გიორგი ცუცქირიძე: ბოლო 2 თვეა, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს – არა მარტო პურის ფასი შემცირდა, არამედ წისქვილკომბინატებიც ამუშავდა

„ბოლო 2 თვეა, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს, არა მარტო პურის ფასი შემცირდა, არამედ წისქვილკომბინატებიც ამუშავდა“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძე პურზე ფასის კლებას გამოეხმაურა. ეკონომისტმა ქვეყანაში არსებულ ინფლაციურ პროცესებზე ისაუბრა.

„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენთან ინფლაციის დიდი ნაწილი გარედან იმპორტირებულია. ეს, პირველ ყოვლისა, სასურსათო ინფლაციას ეხება, ასევე, საწვავზე ფასების ზრდასაც. ბუნებრივია, გაძვირებული ტრანსპორტი პროდუქციის ფასებზე ნეგატიურად აისახება. ინფლაციის ზრდა, ძირითადად, მთელს მსოფლიოში იყო. ინფლაცია სარეკორდოც იყო, იგივე აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო 40 წლის მანძილზე ასეთი მაღალი ინფლაცია არასდროს ყოფილა. ეს ძირითადად გამოიწვია, ერთი მხრივ, მიწოდების ჯაჭვების წყვეტამ, რაც კოვიდპანდემიურმა შოკმა განაპირობა, ასევე, ამას მეორე ნეგატიური ფაქტორიც დაემატა – ომი უკრაინაში, რამაც ფასწარმოქმნაზე საკმაოდ ნეგატიური როლი ითამაშა. ვნახეთ, რომ ხორბლის ფასმა აიწია, რაც ასევე განპირობებული იყო იმით, რომ უკრაინიდან პორტების ჩაკეტვის გამო ხორბლის ექსპორტი ვერ ხერხდებოდა. შემდეგ, როცა გაიხსნა გზა, მოგეხსენებათ, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა იყო ჩართული, პირველ ყოვლისა, თურქეთი, ევროპასა და მსოფლიოში უკრაინული ხორბლის ექსპორტი მოხერხდა. ამან ხორბალზე ფასების შემცირებას შეუწყო ხელი. ზოგადად, ხორბლის ფასი არა მხოლოდ უკრაინის მოსავალზეა დამოკიდებული. მართალია, უკრაინა ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია, მაგრამ ფასი ზოგადად მოსავალზეა დამოკიდებული. წელს ხორბლის მოსავლის პოზიტიური დინამიკაა. ამან ტონა ხორბალზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია. ჩვენს მაგალითზე რომ ავიღოთ: ხორბალზე, რომელიც საქართველოში შემოდის, ფასი 350 $-დან 320 $-მდეა შემცირებული. ეს, ერთი მხრივ, ფქვილის ფასზე და, მეორე მხრივ, პურის ფასზე ძალიან პოზიტიურად აისახა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა მარტო პურის ფასი შემცირდა 10 თეთრით, ბევრმა მწარმოებელმა პურზე ფასის შემცირება დაიწყო, აქ, პრაქტიკულად, ყველა კატეგორიის პურზეა საუბარი, არამედ, წისქვილკომბინატებმაც მუშაობა დაიწყეს, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის მანძილზე გაჩერებულები იყვნენ. მაღალი ფასის გამო აქ ხორბლის შემოტანა და დაფქვა არარენტაბელური იყო. ის ფქვილის შემოტანით იყო ჩანაცვლებული. ეს, ერთი მხრივ, ჩვენს წარმოებას აჩერებდა, მეორე მხრივ, იმპორტს ზრდიდა. დღეს გაიაფებით ეს პრობლემა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. წისქვილკომბინატები ამუშავდა, ბოლო 2 თვეა, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ინფლაციის ტენდენციაზეც აქედან უნდა ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, პური ერთ-ერთია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის რაციონში დიდი წილი აქვს. ამის გარდა, ინფლაციაზე ძალიან მგრძნობიარედ საწვავის ფასები ზემოქმედებს. აქაც ვხედავთ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კლების ტენდენციაა, მართალია – ისეთი არა, როგორც ცოტა ხნის წინ იყო, როცა ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ კლების ტენდენცია დაჭერილია, რაც აისახება როგორც საწვავის ფასებზე, ისე – გადაზიდვების ფასებზე, რაც კატასტროფულად გაზრდილი იყო და ზოგადად პროდუქციის ფასზე მოქმედებდა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10 %-მდე დაიწევს.

„ზოგადად, ტენდენცია რომ შევაფასოთ: წლის დასაწყისში, 1-ელ კვარტალში ძალიან მაღალი ინფლაცია გვქონდა, ზაფხულში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა, აგვისტოში დაწეული იყო. დარწმუნებული ვარ, ინფლაციის სექტემბრის მაჩვენებელი , კიდევ უფრო დაწეული იქნება. წლის დასაწყისში თუ 13, 7 %-იანი ინფლაცია გვქონდა, დიდი ალბათობით, ინფლაციის მაჩვენებელი 10%-მდეც დაიწევს . ეს ზოგადად ამ წლის შეფასებაა, ასეთია ჩემი პროგნოზი. მსოფლიო ბანკის და მათ შორის ეროვნული ბანკის პროგნოზითაც, მომავალ წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება. მართალია, ის მიზნობრივ ორიენტირზე არ იქნება, რომელიც ეროვნულ ბანკს გასულ წლებში ჰქონდა, მოგეხსენებათ ეს 3-4%-ია, მაგრამ, სავსებით რეალისტურია, რომ მომავალ წელს ინფლაცია საშუალოდ 6-7 %- ზე გვქონდეს.
ჩვენ ამ წელს ასევე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. როცა მაღალ ფასებსა და ინფლაციაზე არის ხოლმე ლაპარაკი, ნეგატიური ფაქტორის ერთ-ერთი გადამწონი ეკონომიკის მაღალი ზრდა არის ხოლმე. მაღალი ზრდა გვექნება, სავარაუდოდ, ყველა პროგნოზით – 8, 5 %. ჩემი შეფასებით, რომელიც აგვისტოში გავაკეთე, 8, 5 %-ზე მაღალი ზრდა გვექნება, საუბარია წლიურ საშუალო მაჩვენებელზე, დაახლოებით, ალბათ, 9 – 9, 5 %“ – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე პური გაიაფდა. კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები 10 თეთრით შეამცირა.

როგორც “კვირას” „პურის მწარმოებელთა ასოციაციაში“ განუცხადეს, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასების კლებისა და ადგილობრივი მოსავლის ზრდის ფონზე ხორბლისა და შესაბამისად, ფქვილის ფასებმა საქართველოს ბაზარზეც დაიკლო. მათივე განმარტებით, ამ ფონზე, მეპურეების მხრიდან გამოიკვეთა მზაობა, რომ პურის ფასმა პირველადი მოთხოვნილების სეგმენტზე დაიწიოს.

“კომპანიების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება პურის გაიაფებაზე. ეს უკავშირდება როგორც საერთაშორისო ფასების კლებას, ისე – კონკურენციას და ადგილობრივი მოსავლის ზრდას. ფასები კიდევ უფრო დაიწევდა, რომ არა წყლისა და ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადები”, – განაცხადა „პურის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები