ლევან იოსელიანმა ჯანდაცვის მინისტრს მედპერსონალის საზღვარგარეთ გადამზადების ინიციატივით მიმართა

ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ ჯანდაცვის მინისტრს მედპერსონალის საზღვარგარეთ გადამზადების ინიციატივით მიმართა.

დეპუტატის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში სრულფასოვან მომსახურებას ვერ იღებენ და ამისთვის სხვა ქვეყანაში წასვლა უწევთ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სამედიცინო სფეროში მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად პერსონალის საზღვარგარეთ გადამზადება უნდა მოხდეს, რათა მათ შეძლონ იმ სერვისის შეთავაზება, რისთვისაც მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში წასვლა უწევთ. მისი თქმით, თურქეთი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ არის შესაძლებელი პერსონალის გადამზადებით მომსახურების მაღალი სტანდარტის მიღწევა

,,თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რამხელა პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში სრულფასოვანი დიაგნოსტიკა, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ უამრავი ადამიანი ამ სერვისის მისაღებად საზღვარგარეთ მიდის. ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა, რომ თურქეთში ამ მომსახურების ძალიან მაღალი სტანდარტია და ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ამით სარგებლობს, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე თურქეთში ვერ წავა და ჩვენ ოდესღაც უნდა შევქმნათ ისეთი ჯანდაცვის სისტემა, სადაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს მაღალი სტანდარტის მომსახურებას მიაწვდის. გადავხედე ციფრებს და ბოლო 10 წლის მანძილზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა მიმართულებებით 40 მილიარდზე მეტია დახარჯული. ეს ძალიან დიდი ციფრია იმის ფონზე, რომ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ითხოვს დახმარებას და მკურნალობის დაფინანსებას თურქეთში.

თურქეთის მაგალითი ძალიან საინტერესოა, რადგან ის არის ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ 2003 წელს არ გააჩნდა მაღალი კლასის ჯანდაცვა. მაგრამ 10 წლის თავზე თურქეთმა შეძლო და გახდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სერვისის მიმწოდებელი და დღეს საქართველოს გარდა უამრავი ქვეყანა სარგებლობს ამ ქვეყნის სერვისით. როგორ მიაღწია თურქეთმა ამას? – 10 წლის მანძილზე მათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დასავლეთ ევროპაში გადამზადებაში ძალიან დიდი თანხები ჩადეს და ეს ყველაფერი 10 წლის თავზე დაუბრუნდათ ისეთი სერვისის მომსახურებით, როგორიც დღეს აქვთ. ჩვენ როდის უნდა დავიწყოთ ჩვენი მოქალაქეების გადამზადება, რომ აღარ დაგვჭირდეს სხვა ქვეყნებში სამკურნალოდ სიარული? ეს პრობლემა უამრავ ადამიანს ადარდებს და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა ეს პრობლემა საფუძვლიანად მოგვარდეს და ადამიანებს სახლის გაყიდვა და ვალის აღება არ მოუწიოთ იმისთვის, რომ სიცოცხლის გადასარჩენად სხვა ქვეყანაში წავიდნენ. ჩვენს ახალგაზრდა თაობას ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რათა მათ შეძლონ ამ ცოდნის ჩამოტანა საქართველოში და აქ ჩატარდეს ის ოპერაციები, ის დიაგნოსტიკა თუ მკურნალობა, რისთვისაც ჩვენი მოქალაქეები სხვა ქვეყანაში მიდიან“ – განაცხადა “მოქალაქეების” ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები