“USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, პენელი ზეწოლას ახდენს საქართველოს მთავრობაზე, რომ მან ე.წ. მეორე ფრონტი გახსნას” – არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ამბობს, რომ USAID-ის კავკასიაში მისიის ხელმძღვანელი, ჯონ პენელი, აშშ-ის საელჩოსთან ერთად, “საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას ახდენს, რომ ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ახალ სამხედრო ავანტიურაზე წავიდეს”.
მისი თქმით, თანამდებობაზე პენელის დანიშვნა შემთხვევითი არ არის, ის “კარგად არის ცნობილი პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობით, ორგანიზაციას უკრაინაში წარმოადგენდა”.
„როგორც დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, ის ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მავნე გავლენას. პენელი ასევე აქტიურად მუშაობდა ლიბიასა და ბელარუსში. საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად, უკვე დაიწყო ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ ისინი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთ სამხედრო ავანტიურაზე წავიდნენ – ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, პენელის დანიშვნის შემდეგ, 2010 წლის “საქართველოს მთავრობის სტრატეგიის “ჩართვა თანამშრომლობის გზით” სტრატეგიის გააქტიურება შეინიშნება”.