კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიულ ღირებულებებთან და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან. ეს მათ დაამტკიცეს თავიანთი ცხრაწლიანი მმართველობით, – ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მშვიდობა.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, როგორც პარტიის გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ისე, როგორც არასდროს ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობა. სჭირდება სიმშვიდის შენარჩუნება და ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას. მე ძალიან მიხარია, რომ ეკონომიკა წინ მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოსთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება და ეს არის გამოწვეული იმ პოლიტიკით, რომელიც გაატარა „ქართულმა ოცნებამ“.

ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც შეძლო ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც შეძლო, რომ დღეს ქართული პასპორტით ევროპის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ატარებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ევროინტეგრაცია ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზი. ჩვენ გვაქვს ასევე განსახორციელებელი გარკვეული რეფორმები, რისთვისაც არაერთხელ გამოვთქვით სრული მზაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან არაერთი მოწოდება გაკეთდა, რომ ამ ყველაფერში ოპოზიციაც ჩართული უნდა იყოს და მათაც უნდა გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს ქვეყნის განვითარების, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ერთად დასხდნენ და ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან ცვლილებებში მიიღონ მონაწილეობა, რაც აუცილებელია სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები