„ყველა ჩემს ნამუშევარში ჩემი ოჯახიდან გადმოსული ენერგეტიკა იგრძნობა“…

ხელოვნება ბავშვობიდან  დედამ შეაყვარა. ამბობს, რომ ხატვა მაშინ არ გამოსდიოდა, მაგრამ გამოფენებზე და მხატვართა სახელოსნოებში ხშირად დადიოდა.
დაამთავრ იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ინკლუზიური განათლების კურსები  გაიარა. ამჟამად ინკლუზიური განათლების სპეციალისტია;  მუშაობ 35ე ბაგა-ბაღში დირექტორის მოადგილედ და ასევე არტთერაპიაზე პატარებთან.
ხატვა 30 წლის ასაკში დაისწყო. ამბობს, რომ  შთაგონების წყარო ოჯახია, სწორედ ისეთი ფერაი და ხასხასა, როგორც ჩემი შემოქმედებაო. – ნატალი გომელაურის პერსონა.

– ოჯახში ერთი შვილი ვარ, მამა დამეღუპა 7 წლის წინ. დედამ დიდი როლი შეასრულა, რომ ხელოვნება  ბავშვობიდან მყვარებოდა… ხელჩაკიდებული დავყავდი გამოფენებზე. ჩვენი სახლი მუდამ საგამოფენო დარბაზს ჰგავდა… დავდიოდით გამოფენებზე მხატვრებთან სახელოსნოებში და დედა ნახატებს ყიდულობდა.
როდესაც სახელოსნოებში მხატვრებთან ნახატებს ყიდულობდა, მახსოვს, გუსტავ კლიმტის წიგნი მიყიდა, რომელმაც  ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა.
ყოველ ღამე ვათვალიერებდი და ყოველ ღამე ახალ-ახალ დეტალებს ვამჩნევდი. ვცდილობდი, დამეხატა, მაგრამ ხატვა მაშინ არ გამომდიოდა… ყველა ჩემს ნახატს ვუძღვნი დედას, რომელმაც ჩემში ხელოვნებისადმი სიყვარული დაბადა  და ეს გრძნობა მარადიულია. სულ ვფიქრობ, ნეტავ რომ არ მეხატა, რა უნდა მეკეთებინა? მადლობა უფალს, ამ უდიდესი წყალობისთვის…
– ხატვა 30 წლისამ დაიწყეთ  და მას შემდეგ  არ გაჩერებულხართ… პირველი ნახატები…
– ჩემს შვილს სკოლაში პროექტი დაავალეს… წყლის სამყაროზე საოცარი პროექტი შევქმენით ილუსტრირებული ნახატებით, იმდენად ლამაზი გამომივიდა, შემდეგ საღებავები შევიძინე და ხატვის დაწყება ვცადე.
ღამეები არ ვიძინებდი… ვხატავდი და ვხატავდი, სულ სიახლის ძიებაში ვიყავი… ჩემი ოჯახი ძალიან მიწყობდა ხელს ხატვაში, მასალით მამარაგებდნენ, მიქებდნენ ნამუშევრებს, რაც დიდ სტიმულს მაძლევდა.
დედამ რომ დაინახა, ხატვას ვცდილობდი, საოცარ ადამიანთან – ეკა ცინდელიანთან სახელოსნოში მიმიყვანა. ეკას სამყარო სწორედ ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც საღებავები და ფუნჯები გელაპარაკებოდნენ.  მადლობა მას ამისთვის.
– ამბობთ, რომ შთაგონების წყარო თქვენი ოჯახია… მეუღლე და ორი შვილი გყავთ…
– დავოჯახდი და შევხვდი ადამიანს, რომელმაც სული შთაბერა ჩემს სურვილებს… გავბედე და 30 წლის ასაკში დავიწყე ხატვა.. დავიწყე და მას შემდეგ არც გავჩერებულვარ.
ჩემი შთაგონების წყარო ჩემი ოჯახია, სწორედ ისეთი ფერადი და ხასხასა, როგორიც ჩემი შემოქმედებაა. ვმუშაობ ზეთის საღებავებით… უსასრულოდ შემიძლია ვხატო… ისე დამათენდეს,  დაღლაც კი ვერ ვიგრძნო.
ჩემი ოჯახი ჩემი სიწმინდეა. ეს ის სამყაროა, სადაც ყველაზე ბედნიერი ვარ.
როცა ადამიანი ბედნიერია, მისი შემოქმედებაც სიცოცხლით და სიყვარულითაა სავსე. ყველა ჩემს ნამუშევარში ჩემი ოჯახიდან გადმოსული ენერგეტიკა იგრძნობა.
– თქვენს ნამუშევრებს აქვს პოეტური სათაურები: „ჩემი ტკბილი შემოგდომა“, „დები“, „ოცნება ქალის მოგონილია“, „თუ სივრცეებში შევძელი ფრენა“, molte grazie, „უცნაური მოლოდინი“, Grazie maestroშთაგონებისთვის რა გჭირდებათ?
– ჩემი შთაგონება სიყვარულია… ხელოვნება ხომ სიყვარულია, პოეზიაც სიყვარულია… შეუძლებელია, შექმნა, როცა გული სიყვარულით არ გაქვს სავსე… ყველა ჩემი ემოცია ტილოებზეა გადმოცემული.
ჩემთვის ქალი სამყაროს სასწაულია, ქალი სიცოცხლის, სიძლიერის სიმბოლოა. ჩემს უმეტეს ნახატში ქალია დომინანტი.
– დომინირებს ლურჯი და ბროწეულისფერი ფერები…  ხასიათი კი თვალებითაა გადმოცემული. ალბათ სწორედ თვალებს უთმობთ დიდ დროს?
– როდესაც ხატვას ვიწყებ, პირველ რიგში, თვალებს ვხატავ… როცა თვალები მიმზერენ, უკვე ვიცი, როგორი ხასიათის და დატვირთვის პიროვნება უნდა დავხატო.
ბროწეულები ბარაქის, გამრავლების სიმბოლოა… ძალიან მიყვარს ბროწეულები… ყვავილობიდან მწიფობამდე ჩემთვის ყველაზე ლამაზია, რაც კი ბუნებას შეუქმნია…
– ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ხართ. 35-ე ბაგა-ბაღში დირექტორის მოადგილედ მუშაობთ და ასევე –  არტთერაპიაზე პატარებთან…  როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხატვას და ამ საქმიანობას?
– ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური. ვფიქრობ, ყველაზე ერთგული ადამიანები არიან. საოცარია მათთან ურთიერთობა, მათგან ბევრს ვსწავლობ.
რაც შეეხება არტთერაპიას, როცა საშუალება და დრო მაქვს, სულ ვცდილობ, ამ თემაზე ვიმუშაო… ხელოვნება ხომ გამოხატვის თავისუფლებაა. აყალიბებს გემოვნებას, ამშვიდებს, გადმოცემის უნარს გმატებს… თითოეული ნახატიდან შეგიძლია მიხვდე, რას გრძნობს ადამიანი.
– ჰობი…
– ბევრჯერ მინდოდა გამოფენის მოწყობა, მაგრამ არ ვიცი, ალბათ დრო ვერ გამოვნახე. პერსონალური არასდროს, მაგრამ საქველმოქმედო და სხვა პატარ – პატარა გამოფენებში ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა.
– გამოფენები… ფესტივალები… ჯილდოები…
– ამჟამად საერთაშორისო გამოფენისთვის ნახატზე ვმუშაობ. ანგელოზს ვხატავ…  გამოფენა 26 სექტემბერს გაიმართება და ვემზადები… მინდა პერსონალური გამოფენის გამართვა, რომელსაც საქართველოს ქალებს მივუძღვნი…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები