რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლა და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება აჩვენებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი პუტინის გეგმის მიხედვით არ მიდის.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პუტინის გამოსვლა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ არის “ესკალაცია, მაგრამ მოულოდნელი არ არის”.
“ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა ცხადყოფს, რომ ომი არ მიდის პრეზიდენტ პუტინის გეგმების მიხედვით. მან ყველაფერი ცუდად გათვალა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ რამდენიმე დღეში შეძლებდა უკრაინაზე კონტროლის დამყარებას.
“ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა უკრაინის ჩრდილოეთი. შემდეგ დაიწყო დიდი შეტევა დონბასში, ეს შეტევა უკრაინულმა ძალებმა შეაჩერეს და ახლა უკრაინელებმა შეძლეს ტერიტორიის გათავისუფლება. მისი გამოსვლა და ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება უბრალოდ მეტყველებს იმაზე, რომ მან სტრატეგიული შეცდომები დაუშვა“, – ამბობს იენს სტოლტენბერგი.