ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია.
აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთი კოვზიაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან გააკეთა.
„სპეცოპერაცია დასრულებულია – ერთი პირი არის დაკავებული, ყველა მძევალი არის თავისუფალი. მთელი დღის განმავლობაში, პოლიციელებმა იმუშავეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო“, – განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.
თავდასხმა საქართველოს ბანკზე დილის 11 საათზე განხორციელდა. მძარცველს მძევლები ჰყავდა აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, „სპრინტერის“ ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდებოდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის, ტერორიზმის მუხლითაც.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკს“ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.