ლევან იოსელიანი: დედაქალაქში ჩამოსულ სტუდენტებს ბინებზე გაძვირებული ფასები ხვდებათ – რიგ შემთხვევებში, სტუდენტებს სწავლის შეჩერება და რაიონში დაბრუნება უწევთ

პარტია ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში ინიციატივით გამოვიდა, უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა საერთო საცხოვრებლების არსებობა იყოს.

იოსელიანის აზრით, განათლების სამინისტროს მარტივად შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება.

,,ეს საკითხია, რომელიც, ჩემდა სამწუხაროდ, პოლიტიკოსების უმეტესობას ნაკლებად აინტერესებს და არც მედია იწუხებს თავს ამ საკითხის გაშუქებით. სულ ახლახან დაიწყო სასწავლო პროცესი და უამრავმა სტუდენტმა დაიწყო თავისი ცხოვრების ახალი ეტაპი. ისინი ჩამოვიდნენ თბილისში, რადგან, სამწუხაროდ, ეს ქვეყანა ისეა მოწყობილი, რომ თუ გინდა მიიღო განათლება, უნდა ჩამოხვიდე დედაქალაქში, რადგან უნივერსიტეტები ძირითადად აქ არის თავმოყრილი. ჩამოვიდნენ სტუდენტები და რა დახვდათ მათ – თითქმის გაორმაგებული ფასები უძრავ ქონებაზე, ისინი პრაქტიკულად ვეღარ ქირაობენ ბინებს. რომ შეიხედოთ სოციალურ ქსელში, ნახავთ, როგორ წვალობენ ეს ბავშვები, რომ რაღაცნაირად გაიზიარონ ეს ფართები, მაგრამ რიგ შემთხვევებში ესეც კი შეუძლებელი ხდება და ბევრ მათგანს უწევს, დაბრუნდეს რაიონში და შეიჩეროს სტუდენტის სტატუსი.

იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს რაღაცა მოტივაციას ვუქმნიდეთ, რომ ახალ ცხოვრებას იწყებენ, მათ ოჯახებს უწევთ, გაუმკლავდნენ პრობლემას, რომელიც პრაქტიკულად გადაუჭრელია ჩვენს რეალობაში. არცერთ უნივერსიტეტს არ აქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ რამე შესთავაზოს საკუთარ სტუდენტებს. დღეს რომ სტუდენტი მივიდეს და უნივერსიტეტს ბინის ქირაობაზე დაელაპარაკოს, ალბათ სასაცილოდ არ ეყოფათ, ეტყვიან, წადი და შენ თვითონ იზრუნე შენს ბინაზეო. ახლა ჩვენ სადაც ვისწრაფვით, ევროკავშირში, იქ როგორაა, ყველამ კარგად ვიცით, იქ უნივერსიტეტებს აქვთ საერთო საცხოვრებლები და თუ არ აქვთ, წინასწარ, გრძელვადიანი კონტრაქტებით იღებენ საბინაო ფონდს და მერე სტუდენტებს ამას სთავაზობენ შეღავათიან ფასად. ყველანაირ პირობას უქმნიან სტუდენტებს, რომ მათ სწავლაზე იფიქრონ და არა თვიდან თვემდე თავის გატანაზე. TBC კაპიტალმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, თბილისში ბინის ფასი 70%-ით არის გაძვირებული. ბინა რომ იქირაო ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, მინიმუმ 800 ლარია თბილისის შემოგარენში, ცენტრზე აღარაა საუბარი. რა უნდა გააკეთონ უნივერსიტეტებმა და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ – 6 წლის მერე კიდევ იქნება უნივერსიტეტების ავტორიზაცია და დღეს თუ არ ვიფიქრეთ იმაზე, რომ სახელმწიფომ მათ ავტორიზაციის წინაპირობად სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების ქონა ჩაუდოს, 6 წლის თავზეც იგივე პრობლემის წინაშე ვიქნებით და კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა საზღვარგარეთ იმისთვის, რომ შვილებს ელემენტარული განათლება მისცეს. ეს არის რეალური პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს და ჩემდა სამწუხაროდ, ამაზე თითქმის არავინ საუბრობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები