ნიკოლოზ სამხარაძე ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, მარკ დემესმაეკერს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები.

„ბელგიელ კოლეგებთან განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე. ვისაუბრეთ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაჭრობის საკითხები, მათ შორის კასპიის ზღვის ენერგომატარებლების ევროპაში ტრანზიტის პროცესში საქართველოს მზარდი პოტენციალი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ – გიორგი ხელაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ – დავით ზილფიმიანმა და კომიტეტის წევრებმა: ალექსანდრე მოწერელიამ და გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები