ინდონეზიაში მშობლებმა 2004 წელს ცუნამის დროს დაკარგული გოგონა იპოვეს

გაზეთ „Jakarta Globe“ -ს გავრცელებული ცნობის თანახმად, ინდონეზიაში მშობლებმა 2004 წლის ცნობილი ცუნამის შედეგად დაკარგული გოგონა იპოვეს. რაუდჰათულ ჯანა მხოლოდ 4 წლის იყო, როდესაც ინდონეზიის კუნძულებს თავს ცუნამი დაატყდა. 2004 წლის დეკემბერში, ინდონეზიის ტერიტორიაზე ბოლო 100 წლის მანძილზე სიძლიერით მეორე 9,2 ამპლიტუდის მიწისძვრა მოხდა. რის შედეგადაც კუნძულ სუმატრას 20 მეტრი სიმაღლის ტალღები დაატყდა. ცუნამმა იმ დროს 230 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბევრიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მათ შორის პატარა რაუდჰათული და მისი 7 წლის ძმა არიფიც. გიგანტური ტალღებისაგან თავდასაცავად სეპტი რანგკუტის მთელი ოჯახი თავშესაფრის ძიების მიზნით დაიფანტა. რაუდჰათულის მამამ გოგონა და მისი უფროსი ძმა არიფი ხის დიდ დაფაზე დასვა. რომელიც წყალმა შემდეგ მრავალი კილომეტრით დაცილებულ არქიპელაგ ბანიაკის ერთ-ერთ კუნძულზე გარიყა. აქ პატარა გოგონა ადგილობრივმა მეთევზე იპოვა და იშვილა, მან გოგონას ახალი სახელი ვენი დაარქვა. გოგონას თქმით მისი ძმაც გადარჩა და ის ვიღაც სხვამ იშვილა. 10 წლის შემდეგ რაუდჰათული შემთხვევით იპოვა მისმა ბიძამ, რომელმაც გოგონა ძალიან მიამსგავსა თავის დაკარგულ დისშვილს. მან მაშინვე დაურეკა გოგონას მშობლებს, რომლებიც სასწრაფოდ გაეშურნენ რაუდჰათულის სანახავად. მათი შეხვედრა ძალიან ემოციური გამოდგა, ცრემლების შეკავება ვერავინ ვერ შეძლო. უკვე ორი დღეა რაც რაუდჰათული ოჯახს დაუბრუნდა, ახლა მისი მშობლები ვაჟის, არიფის მოძიებას აპირებენ. „მალე ვაპირებთ არიფის მოძებნას, გული გვეუბნება, რომ ის კიდევ ცოცხალია“, – აცხადებენ შვილის პოვნით გახარებული მშობლები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები