ვახტანგ მაისაია: შესაძლებელია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კიდევ უფრო გართულდეს

შესაძლებელია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კიდევ უფრო გართულდეს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

მაისაია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო ესკალაციას გამოეხმაურა და კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა.

„დღეს იმ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, რომელიც კავკასიის რეგიონში შეიქმნა. აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირება განახლდა, რომელიც ჯერ მხოლოდ სამხედრო კონფლიქტის სახეს ატარებს. იმედია, ლოკალური ომის და შემდგომში რეგიონული ომის დონეზე არ გადავა, რასაც, სამწუხაროდ, წინაპირობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ფაქტობრივად, ორჯერ მიაღწიეს, როგორც ახლა ჩემთვისაა ცნობილი, გარკვეულ ტერიტორიებზე ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს. გუშინ აზერბაიჯანიდან ექსკლუზიური კადრები მივიღე, არ ვიცი – რამდენადაა მართალი, მაგრამ ამ კადრებზე აზერბაიჯანელი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩანან, რომლებმაც სომხეთის ტერიტორიაზე, სევანის ტბის სანაპიროს გასწვრივ აზერბაიჯანის დროშა ააფრიალეს. ისინი ამბობენ, რომ  ომი მათ მიერაა მოგებული. შეიძლება, ეს ფსიქოლოგიური ომის ნაწილი იყოს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა ვარიანტში იქნება. სანამ სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამარყანდში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე გაემგზავრებოდა, აცხადებდა, რომ, ფაქტობრივად, სომხეთის ტერიტორიის დეოკუპაცია დაიწყო. აქ მთიან ყარაბაღზე არ იყო საუბარი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიის შიგნით სეპარატისტული რეგიონია, საუბარი იყო უშუალოდ სომხეთის ტერიტორიების დეოკუპაციაზე. პრინციპში, საბრძოლო მოქმედებების ნაწილი ასევე სომხეთის ტერიტორიაზე ვრცელდება. სამხედრო შეტევები მის ტერიტორიაზე განხორციელდა. ორივე მხარეს საკმაოდ სერიოზული დანაკარგები აქვს. 3-დღიანი ბრძოლების შედეგად, სავარაუდოდ, ორივე მხარემ დაახლოებით 150-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, დაჭრილების რაოდენობაც დიდი იქნება. მინდა, გითხრათ, რომ მთელი ამ პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში ფაშინიანმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“, ფაქტობრივად, პირველად მიმართა, რათა კოლექტიური თავდაცვის პრინციპი აემოქმედებინა,  ესაა მეოთხე მუხლი. როგორც ნატო-შია მეხუთე მუხლი, ასევე, აქ მეოთხე მუხლი მოქმედებს. მან კატეგორიულად მოითხოვა ისეთივე ტიპის სამხედრო ოპერაციის დაწყება, როგორიც ამ სამხედრო-პოლიტიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთში ამა წლის იანვარში განახორციელა. პასუხი ამ გაერთიანებიდან, ფაქტობრივად, უარყოფითია. უბრალოდ, სომხეთის გულის მოსაგებად ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ისინი მონიტორინგის მისიას გააგზავნიან.

ასე რომ, სიტუაცია საკმაოდ რთულია. გუშინ სამარყანდის „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში წესით სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა უნდა შემდგარიყო და არ შედგა. სამაგიეროდ, შეხვედრა პუტინსა და ალიევს, პუტინსა და ერდოღანს შორის შედგა. ყველა ელოდა იმას, რომ ეს სამიტი სამხედრო კონფლიქტის დეესკალაციის მიმართულებით დადებითად იმუშავებდა, მაგრამ, პირველი მონაცემებით, იმედები არ გამართლდა. შესაძლებელია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კიდევ უფრო გართულდეს. მაღალი ალბათობით, სამწუხაროდ, ეს სცენარი იქნება.

ჩვენს რეგიონში გეოსტრატეგიული გარემო, სიტუაცია საკმაოდ მყიფე ხდება. ლიტონი განცხადებები ჩვენს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, თუ სასწრაფო ზომები არ მიიღო და დიპლომატიური, პოლიტიკური ნაბიჯები არ განახორციელა იმისათვის, რომ ამ კონფლიქტის დეესკალაციის მიმართულებით რეალური წვლილი შევიტანოთ. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია“, – განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 13 სექტემბერს გამწვავდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები