გოჩა კაპანაძე – ქართული თეატრის ყველაზე მოქმედი და ხელხვავიანი რეჟისორი
გუშინ გოჩა კაპანაძის სპექტაკლი „ძუნწი” ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სცენაზე იხილა მაყურებელმა. რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წლეულს განხორციელებული სპექტაკლით ამჯერად ზუგდიდის საზოგადოების წინაშე წარდგნენ: ეროვნული აკადემიური თეატრის ბრწყინვალე მსახიობები: ლელა ალიბეგაშვილი, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია, ნინო არსენიშვილი, კახა კუპატაძე, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ქეთი სვანიძე.
გიორგი ერისთავის პიესა, რომელიც „გაყრის” შემდეგ მეორე წარმოდგენად უჩვენეს 1850 წელს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, აღმოჩნდა, რომ 172 წლის შემდეგ ისევ მიმზიდველი და აქტუალურია. ამ ხნის განმავლობაში ადამიანები საერთოდ არ შეცვლილან, მერკანტილური წადილები არსად გაუჩინარებულა, იგი კვლავაც ატორტმანებს და საზოგადოების ბუნებრივად, ჯანსაღად განვითარების გზაზე დაბრკოლებად იქცევა. დღეს ამავე სპექტაკლს სენაკის აკაკი ხორვას სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე წარმოადგენენ რუსაველელები და საქართველოს უძველესი თეატრის დღევანდელი მაყურებელი განსჯის მის პროფესიულ ავ-კარგს…
რეჟისორ გოჩა კაპანაძის მოღვაწეობა ქართულ თეატრში ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩევა და შესამჩნევ კვალს ტოვებს ჩვენს თეატრალურ ცხოვრებაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი გოჩა კაპანაძის ბოლოდროინდელი სპექტაკლების ჩატანა რეგიონებში, 18-22 სექტემბერს მის მეორე ნამუშევარს – „მარო მაყაშვილის დღიურს” გაეცნობა ბათუმის, ოზურგეთის, სენაკისა და ქუთაისის პუბლიკა. აღნიშნული სპექტაკლი გოჩა კაპანაძემ წლეულს, 25 თებერვალს, წარუდგინა პირველად მაყურებელს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო თეატრში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც არის იგი ბოლო ხუთი წელიწადია. ამ ხნის განმავლობაში გოჩა კაპანაძემ არაერთი საუკეთესო ნამუშევრით დაამახსოვრა თავი მაყურებელს.
„ჯაყოს ხიზნები”, „კვაჭი კვაჭანტირაძე”, „ალი და ნინო” (ყურბან ზადეს მიხედვით). ჩემი აზრით, „კვაჭი კვაჭანტირაძე” ქართული თეატრის ბოლო დეკადის ერთ-ერთი უდავოდ ღირებული სცენური ქმნილებაა, რომელიც რატომღაც ადეკვატურად არ შეფასდა ქართული თეატრალური კრიტიკის მხრიდან. თუკი რობერტ სტურუას „რიჩარდ მესამე” ოთხი ათწლეულის წინათ მოურიდებლად ამხელდა საბჭოთა სინამდვილის ანომალიებს, გოჩა კაპანაძის „კვაჭიმ” საქართველოში მიმდინარე პროცესები მკვეთრად და ულმობლად წარმოაჩინა, რომლის მავნე შედეგებს იმკის დღევანდელი საქართველო, და თუ ამას საზოგადოებამ თავად არ ამოსდო ლაგამი, ის დაკარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და ილია ჭავჭავაძის და სულხან-საბას სასურველ ქვეყნად ვერ შედგება!
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სენაკის თეატრში კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების” მიხედვით შექმნილ სცენურ თხზულებას წარმოადგენენ, რომელიც რამდენიმე სეზონის წინ დადგა გოჩა კაპანაძემ სოხუმის სახელმწიფო თეატრის დასთან.
ამ სპექტაკლმა თავის დროზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და გულგრილად ვერც ახლანდელი მაყურებელი მიიღებს.
რა გასახარია, რომ დევნილ სოხუმის თეატრს თბილისში ბოლოს და ბოლოს ეღირსა მუდმივი ჭერი და გამართული სცენა. აი, ცხინვალის მაჩაბლის სახელობის თეატრს კი მისცეს თავშესაფარი პეტრიაშვილის ქუჩაზე, მაგრამ გოჩა კაპანაძეს აქ მხოლოდ რეპეტიციების გამართვა შეუძლია, დასრულებულ სპექტაკლს სხვა თეატრების სცენიდან თუ გააცნობენ მაყურებელს. არადა, როგორ მეგონა, რომ დევნილ თეატრს საზოგადოება ამოუდგებოდა გვერდში და მთლად სახელმწიფო დაფინანსების ანაბრად არ დატოვებდა. დევნილი თეატრი ასეთ პირობებში ნამდვილად არ უნდა იყოს. ეს ხომ თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმეა, დიდი ტრადიციების და სახელების მომცველი ეს თეატრი იმსახურებს გაორმაგებულ ყურადღებას. სამაჩაბლო, ჩვენი ძირძველი და კურთხეული მხარე მხოლოდ დროებით მოგვწყვიტეს გულიდან, ეს ორგანიზმი აუცილებლად გამთელდება და მისი ტკივილის დაამება და შედუღაბების პროცესი სწორედ ამ თეატრის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ზრუნვით უნდა გამოიხატოს. გოჩა კაპანაძე არის საუკეთესო სამხატვრო ხელმძღვანელი, ქართული გულით ანთებული ხელოვანი, რომელსაც მეტად შემჩნევა და დაფასება სჭირდება. განა რამდენი მილიონი ლარი ღირს ამ შენობის სათეატროდ მოდერნიზება? მოდი, საზოგადოებამ დავიწყოთ მისი ფონდის შექმნა. ამ ნაგებობის დასრულება და ამოქმედება სიმბოლურად ხომ ქვეყნის გამთლიანების დასაწყისს ნიშნავს?
გოჩა კაპანაძე მაჩაბლის თეატრს ერთგულ მცველად და პატრონად უდგას. 12 ოქტომბერს ეს თეატრი ასტანის (ყაზახეთი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ეწვევა და იქაურ მაყურებელს გამოჩენილი ყაზახი დრამატურგის დულატ ისაბეკოვის „მსახიობ ქალს” წარუდგენს.
გოჩა კაპანაძე არის გიზო ჟორდანიას სკოლის წარმომადგენელი, მისგან ერგო მემკვიდრეობად ქართული ლიტერატურის და დრამატურგიის მიმართ გამორჩეული დაინტერესება და სიყვარული. გოჩა კაპანაძემ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა ქართული ლიტერატურის თეატრალური ინტერპრეტაციის საკითხებზე. რაც მთავარია, ის თვითონ არის ქართული მწერლობის ღრმად მცოდნე და დამფასებელი – ზურაბ ანტონოვის, დავით კლდიაშვილის, შალვა დადიანის, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, აკაკი ბაქრაძის, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის, ოთარ ჭილაძის სცენური სულისჩამდგმელი.
მოგეხსენებათ, ილია ჭავჭავაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა თეატრის როლს ქვეყნის განვითარებაში, მის ქრესტომათიულ გამონათქვამებს რომ ვიხსენებ თეატრზე, დღევანდელ ვითარებაში უმალ გოჩა კაპანაძე წარმომიდგება, ის ჭეშმარიტი ილიელი და მისი გზით მავალია თეატრალური ხელოვნების სფეროში. ალბათ, ამ წუთს ამიტომაც დამებადა აზრი, რომ შესანიშნავი პრემიის „საგურამოს” (რომელიც ილიას სახელს უკავშირდება) კომიტეტს საგაისოდ გოჩა კაპანაძის კანდიდატურა შევთავაზო, როგორც ქართული აზრის, სიტყვიერებისა და სახიობის უბადლოდ წარმომჩენისა…
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან