ბექა ოდიშარია თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – ბექა ოდიშარია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ავთანდილ ენუქიძე, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ირაკლი ზარქუა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ნინო იობაშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ქეთევან დუმბაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი – ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ისაუბრეს ქართულ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ყურადღება გაამახვილეს თურქეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობასა და თურქულ სკოლებში ქართული ენის შესწავლის საკითხებზე. შეხვედრაზე განიხილეს საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ბექა ოდიშარიამ თურქეთის ელჩს პანდემიის პერიოდში და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებით ოპერატიული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ვისაუბრეთ უსაფრთხოების, ეკონომიკური აქტივობის, თურქეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობის, სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ ყველა საკითხის, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა ტიპის, განხილვა ყოველთვის მოხდება საქმიან და ოპერატიულ ვითარებაში”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები