ნინო წილოსანი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს უნიკალური როლი და დანიშნულება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლით სხდომაზე, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთ-ერთ ობიექტზე გაიმართა, ამავე ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

კომიტეტის წევრებს ანგარიში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ გააცნო და ცენტრის მიერ აგრარულ სექტორში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილებით შეიქმნა, რომლის საფუძველსაც სახელმწიფოსათვის გადაცემული ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო ქართუ“-ს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბაზები, ლაბორატორიები და სხვა ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. ცენტრი საცდელ-სადემონსტრაციო აქტივობებს ახორციელებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში და 27 საცდელ ბაზას მოიცავს.

კვლევითი ცენტრის დირექტორის თქმით, კერძო ინვესტიციით, „ქართუ ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების მოძიების, კონსერვაციის და გადარჩენის პროექტი სოფელ ჯიღაურაში დაიწყო, შეიქმნა ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი.

ცენტრის პირველი ფუნქცია იყო ქართული ვაზის ჯიშების მოძიება, რომელთა რაოდენობა 525 იყო.

მასშტაბურ პროექტს დაემატა ხეხილოვანი კულტურები, მეთესლეობა და შემდგომ სახელმწიფოს გადაეცა. მის ბაზაზე სახელმწიფო სტრუქტურაში შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც თავის საქმიანობას აგრარული სექტორის განვითარების მეცნიერული მხარდაჭერის, მცენარეთა და ცხოველთა აგრო-ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 18 სამეცნიერო კვლევით სამსახურს და დეპარტამენტს მოიცავს და საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ფარგლებში, აგრარული მეცნიერების განვითარების მიზნით, 4 ძირითად პროგრამას ახორციელებს:

საქართველოში გავრცელებული შინაური ცხოველების, ფრინველების, თევზების და კომერციულად სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშების და პოპულაციების აღდგენა-გაუმჯობესება და გენეტიკური ბანკის შექმნა;

ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების გენოფონდის შენარჩუნება, მათი გაშენების, მოვლა-მოყვანის, ბიოაგროწარმოების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება;

სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების მეთოდების კვლევა;

საქართველოს მიწის ფონდის შესწავლა ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით. ამ მიმართულებით 103 მეცნიერი 78 სამეცნიერო პროექტზე მუშაობს. ლევან უჯმაჯურიძემ კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო ის სამომავლო გეგმები, რომლებიც სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აქვს დასახული. კომიტეტის სხდომის მონაწილეებმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე საკოლექციო ნაკვეთები დაათვალიერეს.

„ეს ცენტრი ფაქტობრივად არის ბაზისი, რომელზეც შემდგომ მთლიანად სოფლის მეურნეობის სექტორი არის დაშენებული. აქ ხდება ჯიშების მოძიება, შენახვა, კონსერვაცია და გამრავლება. ცენტრი სამინისტროს ფარგლებში 2014 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა, მისი დაფუძნება უფრო ადრე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მოხდა და ცენტრს, თავის განვითარების თითოეულ ეტაპზე, ჰქონდა უნიკალური დატვირთვა და დანიშნულება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. აქ არის ძირითადი გენოფონდი იმ უნიკალური ყურძნის ჯიშების, რომლებიც საქართველოში არსებობს და არა მხოლოდ, ასევე ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ხეხილი, სხვადასხვა ბოსტნეული კულტურები და ა.შ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ მათი დეტალური ანგარიში. უნდა ითქვას, რომ ცენტრის თანამშრომლები მართლაც დიდ სამუშაოს ასრულებენ“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალში ცენტრის დაფინანსება გაიზარდოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები