საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმებსა და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის  თაობაზე მომზადებული პრაქტიკული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა – კენ მაკინტოშმა და თამარ ჩუგოშვილმა წარადგინეს.

„პარლამენტს ფართო საზედამხედველო ფუნქციები გააჩნია და მათი განხორციელების მრავალი მექანიზმი არსებობს. ერთ-ერთი მექანიზმია, როდესაც პარლამენტი თემატური მოკვლევის, ან სხვა შესწავლის შედეგად გასცემს რეკომენდაციებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. სწორედ ეს არის პარლამენტის მუშაობის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, თვალი მიადევნოს როგორია ამ რეკომენდაციების აღსრულების პროცესი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, პრაქტიკული სახელმძღვანელო დეპუტატს სწორედ ამ საკითხების სისტემატიზებასა და მოწესრიგებაში დაეხმარება.

„დღესდღეობით, პლენარულ სხდომაზე მოსასმენი გვაქვს 28 გარე ანგარიში და 30 შიდა ანგარიში პარლამენტის კომიტეტებისაგან, დელეგაციებისგან, საბჭოებისგან. ხშირია თემატური მოკვლევები, რომელსაც კომიტეტები ატარებენ, ასევე, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შედეგად გამოვლენილი საკითხები, რომლებზეც რეკომენდაცია პარლამენტის მიერ გაიცემა. სწორედ ამ გაცემული რეკომენდაციების და დირექტივების შესრულების აღსრულების ეფექტიანობის კონტროლს ეხება წარმოდგენილი სახელმძღვანელო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრაზე, ასევე, აღნიშნული კონტროლის მექანიზმის განხორციელების ეფექტურობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები