კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

დიდი დიღმის IV მიკრორაიონში არსებული, 6 003 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო პროექტის შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა. დოკუმენტები მათ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.

„ესენი არიან კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახები, რომლებიც ამ დღეს 30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათ ჰპირდებოდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდებოდნენ, თუმცა, სიტყვები სიტყვებად რჩებოდა. როდესაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ პრობლემის მოგვარება იყო. როგორც ქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს საცხოვრებელი გადავეცით. დაზარალებული, დაახლოებით, 3 100 ოჯახია.

სხვადასხვა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები – ზოგი დასრულდა, ზოგი პროცესშია, ზოგი სანებართვო პროცედურებს გადის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ფართები მიიღონ და პროგრამა წარმატებით დასრულდეს. ვულოცავ მათ. მუდამ ასეთი გახარებული ყოფილიყვნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილებულმა 27-მა პირმა საკუთრებაში მიიღო 52 ერთეული უძრავი ქონება.
პროექტის განმახორციელებელ კომპანიას – შპს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ კიდევ ორი სამშენებლო ობიექტი აქვს, რომლის ფარგლებშიც, ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ 104 პირს გადაეცემა. კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული ფართი უკვე მიიღო 1 744-მა ოჯახმა. ამ ეტაპზე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში შემოსულია 600-მდე დაზარალებული პირის განაცხადი, რომელთა ფართებით დაკმაყოფილებაც უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოიაზრება. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი – ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში – ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები