ირაკლი კობახიძე – “ხალხის ძალაზე”: ფარულად არაფერს ვაკეთებთ, ისინი უმრავლესობის წევრები არიან

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები მმართველ პარტიაში აღარ ირიცხებიან, თუმცა, რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად, რაც სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული პრაქტიკაა.

მისივე თქმით, იმაში, რაც კაჭრეთში უმრავლესობის გასვლით სხდომაზე იხილა საზოგადოებამ, დასამალი არაფერი არ არის.
კობახიძის განმარტებით, თითოეული პარლამენტარის ხმა მათთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო, უმრავლესობის წევრების.

“ისინი აღარ არიან ჩვენი პარტიის წევრები და, შესაბამისად, ფრაქციის წევრები, მაგრამ ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ყველა ქვეყანაშია გავრცელებული ეს პრაქტიკა – აუცილებელი არ არის, რომ უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან. მათ ნათქვამი აქვთ, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენს ფრაქციას 80 ხმა გვაქვს საქართველოს პარლამენტში, გადაწყვეტილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ხმების რეზერვი გვქონდეს. მათ, მართალია, პარტია დატოვეს, თუმცა მხარს უჭერენ უმრავლესობის პოზიციებს. ჩვენთვის თითოეული პარლამენტარის ხმა მნიშვნელოვანია, რათა სტაბილური უმრავლესობა არსებობდეს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მარტივი ასახსნელია, რაც საზოგადოებამ იხილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები