ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი ჯეროვნად შესრულდეს – თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, სამუშაო ჯგუფში უნდა წარმოადგინოს, ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც სტანდარტებთან თანხვედრაში არ იქნება

„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი ჯეროვნად შესრულდეს. რაც შეეხება შეფასებას – შეფასება ჩვენი საქმე არ არის, შეფასებას შემფასებელი აკეთებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ობიექტური შეფასების იმედი გვაქვს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ინიციატივების მისაღებად მზადაა და მთავარია, ისინი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში იყოს.

„შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. რა თქმა უნდა, ამ სამუშაო პროცესში ყველა სუბიექტი უნდა იყოს ჩართული. თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, ის უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაო ჯგუფში. ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ მარტივი მიდგომა გვაქვს – ნებისმიერ ინიციატივას განვიხილავთ, ნებისმიერ ინიციატივაზე ვიმსჯელებთ. მთავარია, ეს ინიციატივები საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. თუ [ინიციატივები] შესაბამისობაში იქნება ევროპულ პრაქტიკასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვიმსჯელებთ. ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც სტანდარტებთან თანხვედრაში არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები