რუსთავში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ

რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს დღეს მორიგი სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდებათ. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ცნობით, სამინისტროში შექმნილმა ჯგუფმა, წინასწარ, ადგილზე შეისწავლა ქ. რუსთავის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა მომავალი ღონისძიების დეტალები.

გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ქ. რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე დაესწრებიან.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო ცენტრ ,,ლანცეტის” და “დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადების ცენტრის” კვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე, დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმები: თერაპევტი, პულმონოლოგი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, რევმატოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი და სტომატოლოგები.

შემოწმება ყოფილ სამშობიაროს და სპი-ს საერთო საცხოვრებლის დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ჩატარდება, სადაც განთავსდება ექიმთა ორი ჯგუფი. თითოეული მათგანი მოემსახურება 9-9 კომპაქტურ ჩასახლებაში განთავსებულ დევნილებს. აქცია უზრუნველყოფილი იქნება 80-ზე მეტი დასახელების მედიკამენტით, აგრეთვე ჰუმანიტარული ტვირთით. სამედიცინო შემოწმება მოიცავს დევნილთა ჩასახლების 18 ობიექტს, სადაც ამჟამად 2 ათასამდე დევნილია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები