ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ” და გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ გამოიტანა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ფარგლებშია მომზადებული. მისი ინფორმაციით, ახალი კანონპროექტით, კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება 2014/24/EU, 89/665/EEC და 2009/81/EC დირექტივებით გათვალისწინებული ახალი ინსტიტუტები. როგორც ლევან რაზმაძემ განმარტა, კანონპროექტის მიღების შედეგად, სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში.

„კანონი იქნება უფრო მეტად მოქნილი, ლიბერალური და მეწარმეებზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული თეთრი მაქსიმალურად მივიდეს ადრესატამდე და სწორი დანიშნულებით”, – განაცხადა ლევან რაზმაძემ.

კანონპროექტის ძირითად არსზე ისაუბრა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ლაცაბიძემ. მან კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნო ის სიახლეები, რომლებიც კანონის ამოქმედების შემდეგ საჯარო შესყიდვების სფეროში დაინერგება. კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები