კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს, გუნარ შელენბერგერსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა.

ირაკლი მეზურნიშვილმა სტუმრებს კულტურის კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე გერმანულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. გამოითქვა იდეა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნება გერმანული მხარე. შეხვედრაზე სტუმრებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც აქტიურ ფაზაში გადავიდა.

„ვისაუბრეთ შესაძლო თანამშრომლობის ფორმატებზე. აქცენტი გავაკეთეთ ერთ-ერთ სამუშაო ჯგუფზე, რომელიც ეხება კულტურული ძეგლების და, ზოგადად, ციხესიმაგრეების აღდგენის იდეასა და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტი ამ კუთხით დაინტერესდა, რადგან აქვს გამოცდილება ანალოგიურ სფეროში და მოხარულია, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტად ეს მიმართულება მიგვაჩნია. დავსახეთ გეგმა, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ ვიზიტი გერმანიაში. მანამდე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. გერმანიის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან გერმანიას უკვე გავლილი აქვს ეს გზა და ჩვენ ახლა უნდა გავიაროთ. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ ის ციხესიმაგრეები, რაც გვაქვს და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად დავტვირთოთ ისინი ინვესტიციებით, რათა მოხდეს მათი იერსახის შენარჩუნება და ასევე სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმის განვითარება და საქართველოს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია. დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული გეგმით დასრულდა, მათ შორის, სამუშაო ჯგუფის შექმნით, სამუშაო პროცესში გადასვლით. გერმანული მხარე იმედოვნებს, რომ წარმატებული თანამშრომლობა გვექნება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურის კომიტეტის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრის ბოლოს, ირაკლი მეზურნიშვილმა სტუმრებს საჩუქრად გადასცა მისი დოკუმენტური ფილმი “მეოთხედი საუკუნე”, რომელიც საქართველო-გერმანიის მეგობრობის ისტორიასა და თანამშრომლობას ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები