ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ევროკავშირის რეკომენდაციის მე-6 პუნქტის შესრულების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველი თემა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ჯგუფის წევრებმა, საკითხთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს მოუსმინეს. გაიმართა დისკუსიაც.

„შეხვედრაზე, რომელზეც კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებაზე ვისაუბრეთ, წარმოდგენილი იყო ყველა ის უწყება, ვის კომპეტენციაშიც კიბერდანაშაულთან ბრძოლა შედის. მათგან მოვისმინეთ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია, რომლის საფუძველზე ნათლად ჩანს, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში, რა ნაკლოვანებებია და რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიმართულებით ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

მისივე შეფასებით, საქართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში დიდი პროგრესი აქვს და შესაბამისად, უწყებები, ამ მიმართულებით, ეფექტურ საქმიანობას ახორციელებენ. „ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გაგრძელება, შესაბამისი უწყებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება, შესაბამისი ადამიანური რესურსის გაზრდა და საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება. გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები – ეს არის იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ევროკავშირმა გასცა და ამ ნაბიჯებს ინტენსიურად ვდგამთ. ეს იყო ნაყოფიერი, საინტერესო შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. არ მონაწილეობდა რადიკალური ოპოზიცია. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ მათ მიერ გაცხადებული ბოიკოტის გამო. თუმცა, ეს ჩვენს სამოქმედო გეგმაზე და მუშაობაზე არ აისახება”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეხვედრაში მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის წევრებმა – დეპუტატებმა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები