ვახტანგ მაისაია: უკრაინელებმა ხერსონში რუსეთთან გაერთიანებაზე რეფერენდუმის პროცესის  ჩაშლა შეძლეს,  კრემლს დღეს რეფერენდუმის ჩატარება  გაუჭირდება

“ოკუპირებულ  ხერსონში სექტემბრის ბოლოდან  კრემლი აპირებდა,  უკრაინის ტერიტორიების  რუსეთზე მიერთებასთან დაკავშირებით   ე.წ. რეფერენდუმი ჩაეტარებინა,  ანუ კრემლმა ანექსიის პროცესის  დაწყება მოინდომა. უკრაინელებმა  ამ პროცესის  ჩაშლა შეძლეს”,  – ამის შესახებ  უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ  მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მაისაიას თქმით,  კრემლს დღეს  რეფერენდუმის ჩატარება გაუჭირდება.    ანალიტიკოსმა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

„უკრაინაში სიტუაცია საკმაოდ დინამიკურ ხასიათს ატარებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ თავის პირობა  შეასრულა,   რომელზეც  ჯერ კიდევ ამა წლის ივნისის დასაწყისში განაცხადა. აღნიშნულის შესახებ საუბარი ივნისის პრესკონფერენციაზე გვქონდა, რომელიც მე „კვირას“ პრესკლუბში გავმართე.   ლაპარაკი   იყო იმაზე, რომ  უკრაინა სექტემბერში  კონტრშეტევაზე გადავიდოდა. შემდგომში, ამ პრესკონფერენციას   საკმაოდ არაორდინარული გამოხმაურებები მოჰყვა,  ბევრი სკეპტიკოსი იყო. ზოგიერთებმა  დეზინფორმაციის გავრცელებაში დაგვადანაშაულეს.  გავიდა რამდენიმე თვე და ჩვენი პროგნოზი მართალი აღმოჩნდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით  კონტრშეტევის განხორციელება  შეძლეს.   ეს მათ  რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მოახერხეს.   პირველი –  მათ  ზაფხულის პერიოდში  შეიარაღებული ძალების კონტინგენტი მობილიზაციის შედეგად შეავსეს, გარკვეულწილად შეავსეს ის დანაკარგები, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინამ ლუგანსკის და მარიუპოლის ბრძოლების შედეგად იწვნია. შეძლეს, ცოცხალი ძალის თანაფარდობა გაეზარდათ. უკრაინამ მოახერხა, საკმაოდ ეფექტიანად გამოეყენებინა ის სამხედრო  შეიარაღება, რომელიც  დასავლეთისგან მიიღო. პირველ ყოვლისა,,  ესაა ზალპური ცეცხლის   საარტილერიო სარაკეტო სისტემები, ჰაიმერსები, M270-ები , თვითმავალი საარტილერიო  მძიმე კალიბრის სისტემები.  უკრაინელებმა  გამოიყენეს  სამხედრო თეორიაში  არსებული სპეციალური სტრატეგია, რომელსაც სიღრმისეული ბრძოლის სტრატეგია ჰქვია. ის   მოიცავს შემდეგ მომენტს, რომ მოწინააღმდეგეს  რაც შეიძლება დიდ სიღრმეში კომუნიკაციის მართვისა და ლოჯისტიკური ცენტრები გაუნადგურო,  ამით ბრძოლის წინა ხაზის მიმართულებით მართვის სისტემა მოუშალო. მათ შეძლეს, შეექმნათ სამხრეთ მიმართულებით  ოპერატიულ-სტრატეგიული საარმიო დაჯგუფება,   რომელიც მოიცავდა პირობითად 10 ბრიგადას. ხერსონის მიმართულებით სერიოზული კონტრშეტევა დაიწყეს. რაც შეეხება ჩრდილოეთით, უკვე ხარკოვის მიმართულებით,  უკრაინის  ოპერატულ- სტრატეგიული დაჯგუფება  გააძლიერეს.   რუსების შეიარაღებულ ძალები  შეიყვანეს  სრულ დაბნეულობაში, მათ ვერ განსაზღვრეს მთავარი სტრატეგიული დარტყმის მიმართულება. როგორც ჩანს, მთავარი დარტყმის მიმართულება ხარკოვის  იყო.
ხერსონის მიმართულებით განხორციელებულ სტრატეგიულ კონტრშეტევას  თავისი სამხედრო- პოლიტიკური მიზნები და ამოცანები ჰქონდა.  რაც შეეხება  ხარკოვის მიმართულებით განხორციელებულ კონტრშეტევას: მას  უფრო სამხედრო-სტრატეგიული ამოცანები ჰქონდა. ეს ორი ერთმანეთისგან მინდა,  განვასხვავოთ.  რატომ იყო ხერსონში სამხედრო-პოლიტიკური ამოცანები: როგორც მოგეხსენებათ, ოკუპირებულ  ხერსონაში სექტემბრის ბოლოდან  კრემლი აპირებდა,  უკრაინის ტერიტორიების  რუსეთზე მიერთებასთან დაკავშირებით   ე.წ. რეფერენდუმი ჩაეტარებინა,  ანუ კრემლმა ანექსიის პროცესის  დაწყება მოინდომა. უკრაინელებმა  ამ პროცესის  ჩაშლა შეძლეს. კრემლს დღეს ნამდვილად გაუჭირდება რეფერენდუმის ჩატარება.   უკრაინის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომა იყო.
უკრაინელებმა იმუშავეს დასწრებაზე,  ხერსონის პირობითად დამხმარე სტრატეგიული ოპერაცია   სამხედრო- პოლიტიკურად საკმაოდ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული აღმოჩნდა. ხარკოვის სტრატეგიული მიმართულება არის ის, რომ უკრაინელებმა თუ  ბალაკლია დაიბრუნეს, იზუმსაც დაიკავებენ, ამით ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებთან   გავლენ, რაც,   რა თქმა უნდა, გაზრდის შანსს, რომ უკრაინელებმა ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონის დაბრუნება შეძლონ,   ასევე, ხარკოვის დებლოკირება მოახდინონ“, – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები