ირაკლი ქადაგიშვილი – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?! დალოცვილებო, წაიკითხეთ, რა, კანონები
“რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?! დალოცვილებო, წაიკითხეთ, რა, კანონები”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ “მოსმენების შესახებ” კანონპროექტზე გავრცელებულ განცხადებას.
ქადაგიშვილის თქმით, ზოგადი განცხადებები ნორმალურ პროცესს აზიანებს.
“კანონპროექტი სისხლის სამართლებრივი დევნის სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას ეხება. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი? საუბარია დამნაშავეზე, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უმაღლესი სტანდარტებით არის დარეგულირებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება კანონითაც, სასამართლოთიც. ზოგადი განცხადებები აზიანებს ნორმალურ პროცესს. კანონპროექტით ფარულ მოსმენებზე საგამოძიებო ორგანოთა უფლებამოსილებები არ იზრდება. როგორი უფლებამოსილებაც იყო, ზუსტად იგივე რჩება, მხოლოდ რეგულაციები იცვლება, ოღონდ რა კუთხით – იცვლება გამჟღავნების თარიღი, ფარული მიყურადების ხანგრძლივობა. ასევე, საკმაოდ მძიმე მუხლები ემატება: – ქურდული სამყარო, ტერორიზმი, ნარკოვაჭრობა, ძალადობა და ა.შ. რომელი მუხლია სუსტი? – არცერთი. ვეტოს დაძლევის წინ კომიტეტში მოსმენა იყო. ვინც ესწრებოდა, მათგან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც მოისმინეთ, სადაც წერია, რომ ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტს არღვევს ან ადამიანის უფლებებს აუარესებს?! ხომ შეიძლება, ზოგადი პოლიტიკური განცხადების უკან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც იყოს მოყვანილი?! არის ანგაჟირებული პოლიტიკური შეტევის მცდელობა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.