კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირეს

ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივები ევროპასთან ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად, დეპუტატებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა გააცნო. „კანონპროექტთა პაკეტი ემსახურება ბაზრის განვითარებას, კონკურენციის ხელშეწყობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და გამჭვირვალობას. ჩვენი მიზანია, ქვეყანა შეუერთდეს ევროპის ერთიანი გადახდის სივრცეს (SEPA)“, – განაცხადა მომხსენებელმა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით შესრულდება ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს კრიტერიუმი, რომელიც საგადახდო მომსახურებების შესახებ ევროკავშირის განახლებულ დირექტივასთან (PSD2) ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას გულისხმობს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტის მიღებით შესრულდება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.

მისივე თქმით, კანონპროექტის თანახმად, მნიშვნელოვანი გარანტიები იქმნება საგადახდო მომსახურების მიწოდებისას ჩართული მხარეების მაქსიმალურად დაცვის თვალსაზრისით და უფრო დეტალურად წესრიგდება მათ შორის ურთიერთობები. ასევე, უმჯობესდება საგადახდო მომსახურების ხელმისაწვდომობის და კონკურენციის ხელშეწყობის საკითხების რეგულირება. დამატებით, კანონის დებულებების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, ეროვნული ბანკი აღიჭურვება რიგი უფლებამოსილებებით.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ წარადგინა.

საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული რეგულირების ჩარჩო პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობას შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაცია, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შემოწმება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი განისაზღვრება როგორც ანგარიშვალდებული პირი და მასზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რომლებსაც კანონი ადგენს სხვა ანგარიშვალდებული პირებისთვის.

სხდომაზე თანმდევ პროექტებთან ერთად, ასევე განიხილეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ შესატანი ცვლილებები. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტით რეგულირდება კომერციული ბანკების ლიცენზირების მოთხოვნები, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები და მნიშვნელოვანი წილის შეძენა. მომხსენებლებმა პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და დამატებითი განმარტებები გააკეთეს. კომიტეტების წევრთა მიერ გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებით დეპუტატებმა კანონპროექტთა პაკეტებს მხარი დაუჭირეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ, რათა დაჩქარდეს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების პროცესი თუმცა, აღინიშნა ისიც, რომ ყველა ის საკითხი რომელიც არ არის დაკავშირებული SEPA-ში გაწევრიანების პროცესთან და დამატებულია საკანონმდებლო პაკეტში – ცალკე უნდა იქნას წარმოდგენილი და განხილული.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ კანონის ამოქმედების ვადად 2023 წლის ნაცვლად განისაზღვროს 2024 წლის 1 იანვარი და ეს პერიოდი მთლიანად გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ ამ კანონპროექტით მივიღოთ სარგებელი, არ გავაჩინოთ ზედმეტი წნეხი და არ დაზიანდეს საინვესტიციო გარემო“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

„ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში კანონპროექტთა პაკეტების განხილვისას, რათა ის საკითხები, რომელიც დღეს წარმოდგენილია ფართო დისკრეციით და შესაძლოა აჩენდეს ეჭვებს კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით – ჩაჯდეს კონსტიტუციურ ფარგლებში. ჩვენ გიდასტურებთ მზაობას, რომ ის მნიშვნელოვანი მიზანი რაც გვაქვს- SEPA-ში გაწევრიანება, განვახორციელოთ თუმცა, საჭირო იქნება ჩვენი შენიშვნების გაზიარებაც“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

„ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მხარს უჭერს მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი, რათა საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანების პროცესს ხელი შეეწყოს თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ის კანონები რომელიც მიღებული იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ, იყოს ხარისხიანი და არ დარჩეს ისეთი საკითხები რაც არ იქნება სათანადოდ შესწავლილი. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივებში მაქსიმალურად იქნას ასახული ევროკავშირის ყველა ის საჭირო დირექტივა, რაც სჭირდება საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის გაკეთებას“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები