გაეროს გენერალური მდივანი რუსეთსა და უკრაინას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებულ პერიმეტრზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთსა და უკრაინას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებულ პერიმეტრზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

„როგორც პირველი ნაბიჯი, რუსულმა და უკრაინულმა ძალებმა უნდა აიღონ ვალდებულება, არ ჩაერთონ რაიმე სამხედრო აქტივობაში ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით ან ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. როგორც მეორე ნაბიჯი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეთანხმება დემილიტარიზებულ პერიმეტრზე. კერძოდ, ეს მოიცავს რუსეთის ძალების ვალდებულებას, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ამ პერიმეტრიდან და უკრაინული ძალების ვალდებულება, არ გადავიდნენ ამ პერიმეტრზე“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება საგანგაშოა, რის გამოც, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები