ქაბულში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა – მათ შორის რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელია
ქაბულში რუსეთის საელჩოს ჭიშკართან აფეთქების შედეგად, დიპლომატიური მისიის ორი თანამშრომელი დაიღუპა.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ აფეთქება საკონსულო განყოფილებასთან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა, რომელიც შემდგომ დაცვამ მოკლა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული, 8 ჰოსპიტალიზებულია.
მომხდარის კომენტირებისას კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ “რასაკვირველია, საუბარია ტერაქტზე, რაც სრულიად მიუღებელია”.
რუსეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც ქაბულში საელჩო მას შემდეგ შეინარჩუნეს, რაც “თალიბანმა” ქვეყნის მმართველობა ისევ ხელში ჩაიგდო. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ოფიციალურად “თალიბანის” მთავრობას არ ცნობს, ისინი ე.წ. ოფიციალურ პირებთან ბენზინისა და სხვა საქონლის მიწოდების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
“თალიბანის” მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დღევანდელი ტერაქტი მოსკოვთან ურთიერთობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
“მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და არ დავუშვებთ, რომ მტრების მსგავსმა ნეგატიურმა ქმედებებმა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე“, – დაწერა სოციალურ ქსელში უწყების წარმომადგენელმა, აბდულ კაჰარ ბალჰიმ.