ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციაში სულ არის სურვილი, რომ ქვეყანაში როგორმე საპროტესტო ტალღა აგორდეს, მაგრამ ძლიერი ტალღის აგორებას აგერ უკვე 10 წელიწადია, ვერ ახერხებენ

“ოპოზიციაში სულ არის სურვილი, რომ ქვეყანაში როგორმე საპროტესტო ტალღა აგორდეს, მაგრამ ძლიერი ტალღის აგორებას აგერ უკვე 10 წელიწადია, ვერ ახერხებენ. ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციაში სტრუქტურულად არც არაფერი შეცვლილა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს და მმართველ გუნდს ცვლილებების განხორციელება აიძულოს.

“ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ზეპირი განცხადებები მოვისმინეთ, არჩევის წესი ოფიციალურად არ შეცვლილა, მაგრამ პრობლემები ნამდვილად ჩანს. მოკლედ, “ქართულ ოცნებას” რომ სურდეს, ეს პროცესი ნამდვილად მისგან დამოუკიდებლად წარიმართოს და ქვეყანას ჰყავდეს გავლენისგან თავისუფალი ომბუდსმენი, პირდაპირ მიანდობდა არჩევის წესზე მუშაობას ოპოზიციას, მაგრამ ამას არ აკეთებენ… ახლა ცდილობენ, მეხამრიდები ჩადონ სწორედ ამ შერჩევის წესში და საკუთარი ინტერესები დაიცვან, ანუ არა პირდაპირი, მაგრამ ირიბი ჩარევით ის კანდიდატი გაიყვანონ, ვინც მათთვის მისაღები იქნება. ასეთი სქემები არახალია, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისასაც ზუსტად ასევე მოქმედებდა “ქართული ოცნება”. ვინ იქნება იმ სამუშაო ჯგუფში, ვინც კანდიდატურები უნდა შეაფასოს და შეარჩიოს, ეს არის მნიშვნელოვანი… გარდა ამისა, როცა ხელისუფლება ამბობს, ყველაფერს არასამთავრობო სექტორის არჩევანს მივანდობთო, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ არასამთავრობო სექტორში ბევრია ხელისუფლების სატელიტი, რომლებიც აუცილებლად იმ კანდიდატს წარმოადგენენ, ვინც ხელისუფლებას ენდომება.

რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება დროულად და მასშტაბურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და ხელისუფლებას არ მისცენ პიარის საშუალება – ვგულისხმობ “ქართული ოცნების” განცხადებებს, რომ ისინი თურმე არ წამოაყენებენ კანდიდატურას, რასაც უკვე ძალიან ხშირად იმეორებენ. ამით ცდილობენ საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, თითქოს ხელისუფლება ამ პროცესში მართლაც არ აპირებს ჩარევას. ეს ასე ნამდვილად არ არის, ამიტომაც ოპოზიციის ვალია, ხელისუფლების განცხადებებს უპასუხოს და პროცესი რეალურად გამჭვირვალე გახადოს.

გასაგებია, რომ გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-ით კარგი იქნება, მაგრამ აქაც არაერთი კითხვა ჩნდება. მე როგორც ვხვდები, ახალი კანონი რომც მიიღონ, ეს არ შეეხება მოქმედ გენერალურ პროკურორს. ის თავის ვადას დაასრულებს და მხოლოდ ამის მერე ამოქმედდება ეს წესი. თუ ასე იქნება, მაშინ არსებითი მნიშვნელობა ამ ცვლილების დღეს მიღებას არც აქვს. მოქმედი პროკურორის უფლებამოსილების ვადაში უკეთესი კანონის მიღება შეიძლება…

გარდა ამისა, ამგვარი სქემა ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევაში გვქონდა, ანუ თუ 3/5-ით ვერ აირჩევდნენ, უმრავლესობას ერთი წლით შეეძლო სასურველი კანდიდატის არჩევა, რაც გააკეთეს კიდეც. ცესკოს შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ კანდიდატურებს პრეზიდენტი წარადგენს, რაც არ ხდება გენპროკურორის კანდიდატების წარდგენისას. მაშ, რა პრობლემა შეექმნება ხელისუფლებას ამგვარი წესის დაკანონების შემთხვევაში? არც არაფერი. ხელისუფლების შემოთავაზებულ წესში თავისთავად უკვე იგულისხმება ის, რომ მისთვის მიუღებელი კანდიდატი ვერ გავა, რადგან მას ყოველთვის ჩააგდებს უმრავლესობა და ერთი წლით თავის კანდიდატს დაამტკიცებს. მოკლედ, საბოლოოდ გენპროკურორს ექვსი წლით კი ვერ ავირჩევთ, არამედ მისი არჩევა მოგვიწევს ყოველწლიურად და ეს იქნება ამ წესის შედეგი.

ოპოზიციაში სულ არის სურვილი, რომ ქვეყანაში როგორმე საპროტესტო ტალღა აგორდეს, მაგრამ ძლიერი ტალღის აგორებას აგერ უკვე 10 წელიწადია, ვერ ახერხებენ. ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციაში სტრუქტურულად არც არაფერი შეცვლილა. ძირითადი გამწევი ძალა არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც მუდმივად ცდილობს რაღაცას, მაგრამ მიზანს ვერ აღწევს. რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების სიმპტომებს ოპოზიციაში ნამდვილად ვერ ვხედავ. ის ისეთივე ჩამოუყალიბებელია, როგორიც იყო ამ 10 წლის განმავლობაში. ჩამოუყალიბებელია თვითონ “ნაციონალური მოძრაობაც”. საბოლოოდ ბევრი რამ მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ბედი ეწევა სააკაშვილს, როგორ განვითარდება მოვლენები მის გარშემო. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში არის ორი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტი: “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, თან ისე, რომ ორივე პარტიაში რეალურად არაფორმალური მმართველობაა. ერთს ივანიშვილი ჰყავს, მეორეს – სააკაშვილი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სააკაშვილზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, რა მოხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დღეს საზოგადოებაში რადიკალური განწყობაა და ოპოზიციის დაძახილზე ასობით ადამიანი ქუჩაში გავა. ჯერჯერობით ამის ნიშანწყალი არ ჩანს და ვიდრე ოპოზიცია ასეთ ქაოსურ მდგომარეობაში იქნება, წარმატებაზე ლაპარაკი გამორიცხულია.

სამწუხაროდ, რეალური მესამე ძალის კონტურები ისევ არ ჩანს. რაც შეეხება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ესეც არ არის ძალიან სასწრაფოდ წარსამართავი პროცესი, რადგან ევროპელმა პარტნიორებმა ერთი წელი დაგვიმატეს და მომავალი წელიც გვაქვს სამუშაოდ. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ველი გარკვეულ გადაჯგუფებებს… ვნახოთ…

სახელისუფლებო ცვლილებებიც დიდწილად დამოკიდებული იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. საქართველოს ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს და მმართველ გუნდს ცვლილებების განხორციელება აიძულოს. ეს, გარკვეულწილად, შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს. მნიშვნელოვანი იქნება გარე ფაქტორები, მაგრამ ამის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პროცესები იმ დინებით წარიმართა, როგორც ახლა მიედინება, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, მე მნიშვნელოვან სამთავრობო ცვლილებებს არ ველი”, – განაცხადა ძაბირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები