თამარ არჩუაძე: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხითაც წარმატებულია

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო პროექტ WIZZ GET LOST-ს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში განხორციელდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩამოსული ბლოგერისა და ინფლუენსერის სოციალური მედიაში განთავსებული კონტენტი დღევანდელი მონაცემებით, 26 მლნ. ნახვას გადასცდა. მონაცემები ყოველდღიურად მზარდია.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა არა მხოლოდ ახალი მიმართულებების დამატების კუთხით, არამედ ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხითაც წარმატებულია. ამის ნათელი დადასტურებაა სულ ახლახან ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში აბუ დაბიდან განხორციელებული სპეციალური ჩარტერი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ბლოგერები და ინფლუენსერი ჩამოიყვანა. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად, იმერეთის ცნობადობის ამაღლებას და პოზიციონირებას ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე, რაც სრულიად ახალია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და მთელი რეგიონისთვის”, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო კომპანიასთან სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის ზრდის პერსპექტივებსა და 2023 წლის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის მზადებას. ასევე, ავიაკომპანიასთან განიხილეს 10-24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო, ავიაკომპანიის დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების ტექნიკური დეტალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები