ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, წლის დარჩენილ პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით 2,80 – 2,85-ის ფარგლებში იქნება. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
ცუცქირიძემ ლარის კურსის მერყეობის მიზეზი განმარტა.
„აჟიოტაჟი ატყდა, რომ ლარი გაუფასურდა, რომ ეს მონეტარული პოლიტიკის არასწორად დაგეგმვის შედეგია, აქ აქცენტები ეროვნულ ბანკზე კეთდება. მოკლე შესავალს გავაკეთებ. მოგეხსნებათ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის, 24 თებერვლის შემდეგ გაუფასურების ტრენდი გვქონდა, დაახლოებით – 3-4 მარტს ამ ტრენდმა თავის პიკს მიაღწია: 1 დოლარის ფასი 3, 45 იყო. ეს მაღალი გაუფასურების მაჩვენებელი იყო. შემდეგ, იმის შედეგად, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკის სარეკორდო ზრდა გვქონდა, დაკორექტირებული 14, 9 %-მდე, კურსმა გამყარება დაიწყო. ივნის-აგვისტოში, 13 აგვისტომდე პერიოდში კურსი ბოლო წლების ისტორიულ მინიმუმზე დავიდა, 1 დოლარი 2, 70 თეთრი ღირდა. დაახლოებით, 70-75 თეთრით იყო გამყარებული.
სპეკულაციაა დაწყებული, რომ 13 აგვისტოს შემდეგ ლარი იმ მაჩვენებლებთან შედარებით გარკვეულწილად გაუფასურდა. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი: გასული წლების სტატისტიკას თუ ავიღებთ, ზოგადად, აგვისტოს მეორე ნახევარში ლარს გარკვეულად გაუფასურების ტრენდი ჰქონდა ხოლმე. როცა ვამბობთ, რომ ივნის-ივლისში ლარის გამყარების ყველაზე კარგი მაჩვენებელი იყო, ეს სეზონურ ფაქტორს უკავშირდებოდა. პირველ ყოვლისა, ეს ზღვის ტურიზმს ეხება. პიკი ივლისშია ხოლმე. აგვისტოს მეორე ნახევარში ეს პიკი იკლებს. თუ ივლისში უფრო მეტი ტურისტი შემოდის, ვიდრე გადის, დადებითი სავალუტო სალდოა. აგვისტოს ბოლოდან ეს სალდო იცვლება, ტურისტული ნაკადები მცირდება, ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში ასეა, სადაც ზღვის ტურიზმია განვითარებული. ერთ-ერთი ზუსტად ეს სეზონური ფაქტორია, რომელიც ლარის კურსზე ზემოქმედებს.
მეორე ფაქტორია ის, რომ ჩვენი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, ვგულისხმობ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სხვა კორპორაციულ სტრუქტურებს, პერიოდულად საერთაშორისო ბაზრებიდან მოკლევადიან სესხებს იღებენ ხოლმე. აქაცაა გარკვეული სალდო. როცა ახალ ვალს იღებს, ძველი ვალის გასტუმრება ხდება. ამიტომ, კონკრეტულ მომენტში ეს სალდო შეიძლება, უარყოფითი იყოს, ანუ უფრო მეტი იყოს გასასტუმრებელი, რამაც შეიძლება, სავალუტო კურსზე ასახვა ჰპოვოს. ეს ფაქტორიც შეიძლება, მივიღოთ მხედველობაში, რაც ტრაგედია არაა.
პროგნოზი შემიძლია, გავაკეთო: ჩემი შეფასებით, დღევანდელი მაჩვენებლით, კურსი დაიწევს, ლარი წლის დანარჩენ პერიოდში დაახლოებით 2,80-2,85-ის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9002 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8935 ლარს შეადგენს.